ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სივრცე - UniverCIty გაიხსნა

ქსუ

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა KIU-ს შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - UniverCity. ღონისძიება ქუთაისქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. პროექტი შემუშავებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) და ქუთაისის მერიის ურთიერთთანამშრომლობით.

UniverCity-ს სივრცე გახსენს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ქუთაისის დელეგატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.

UniverCity-ს გახსნაში მონაწილეობდა KIU-კაპელა. საზეიმო გახსნასთან ერთად მოეწყო სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, დიზაინის სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.

KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და კანცლერმა ლევან კოპალიანმა, სტუდენტური ვიდეოკონკურსის - KIU IN YOUR LENS შედეგები შეაჯამეს და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ახალი სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს ქუთაისის, როგორც წამყვანი საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ქვეყნის საგანმანათლებლო რეფორმასთან.

UniverCity ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, აღნიშნულ სივრცეში დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი პროექტები, მოიწვიონ სტუმრები და გამართონ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით. ინოვაციური ჰაბი დაეთმობა KIU-ს ევროპული სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო პროგრამებისა და ულტრათანამედროვე, რეგიონში უნიკალური საუნივერსიტეტო

კამპუსის სიახლეებს. ახალი სივრცე იდეურად ერწყმის ქუთაისის ისტორიულ როლს და ქალაქის შემოქმედებითი ფუნქციის გაძლიერებას.