1772260860
გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა KIU-ს ხელმძღვანელობასთან და პროფესორ-მასწავლებლებთან უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელა.
მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ინარჩუნებს მრავალპროფილურ დატვირთვას. გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილება, სტუდენტთა მობილობა და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ.












