1730457694
გიორგი ამილახვარი: განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად
პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, - განაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ამილახვარმა.
„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის, რასაც მისგან ვიღებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასევე, მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. საზოგადოებას კი მინდა ვუთხრა - ზოგადად, პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ.
განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები როგორიცაა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება; უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის; მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაარსება; პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში; 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას; კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში; გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტებისთვის; 27 ათასი სტუდენტისთვის დავალიანების განულება.
ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება“, - განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.