„ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თითოეულ ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს“ - ზურაბ პატარაძე

ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მშობლებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს და სასკოლო საზოგადოებას! დღეს, როდესაც ჩვენს სკოლებში პირველი ზარი ირეკება, თქვენთვის იხსნება ახალი შესაძლებლობებისა და აღმოჩენების გზა. ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჩართულობა და მონდომება, რადგან სასკოლო საზოგადოების ერთობა და ურთიერთპატივისცემა ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებიც დღეს პირველად შეაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და პირველი ზარის ემოციით შეაღებენ მშობლიური სკოლის და საკლასო ოთახის კარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ გარემოში დახვდნენ გულითადი, მოსიყვარულე, პროფესიონალი მასწავლებლები და მთელი გულით შეაყვარონ „აი ია“ და ჩვენი სამშობლო.

განათლება ქვეყნის და რეგიონის განვითარების მთავარი საყრდენია. ძლიერი და წარმატებული მომავლის შენება სწორედ სკოლიდან იწყება. წელს ჩვენს რეგიონს 5 660 პირველკლასელი შეემატა, ჯამში 73 000 მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა ხვდება სიახლეებით, რეფორმის ფარგლებში ახალი შესაძლებლობებით ჩვენი ხელისუფლება ქმნის თანასწორ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს, აჭარის ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, ექნება საშუალება გამოავლინოს თავისი ნიჭი და ირწმუნოს საკუთარი ძალების.

ყველას გისურვებთ ნაყოფიერ, სიახლეებითა და დიდი გამარჯვებებით სავსე სასწავლო წელს!“ - ნათქვამია მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში.