„ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებთან დაკავშირებული პრობლემები“ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

„მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ, მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად  4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად. მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.

„გვქონდა ასეთი მოცემულობა - ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.

2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.

ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდა ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან - მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.