საქსტატი: იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 147.1 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყირგიზეთი – 105.9 მლნ. აშშ დოლარით,ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 95.1 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 415.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 326.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 310.7 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 216.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 125.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 93.3 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 332.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 209.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 134.7 მლნ. აშშ დოლარით.