საქსტატი: 2024 წელს სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ 484 პირი მუშაობდა

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 66 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 242.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 19.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 6.4 პროცენტით გაიზარდა და 16 191 შეადგინა, რომელთაგან 14 046 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 55.0 პროცენტი ქალია, ხოლო 45.0 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 68.8 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 28.9 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.3 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე.

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 491 კაცს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 484 პირია დასაქმებული.