1789984622
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაში
ქ. ლონდონში, საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებით, განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენცია (Emerging and Frontier Markets Opportunities Conference) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
კონფერენციაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები, განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და ინვესტორთა ინტერესები.
კონფერენციის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან. ინსტიტუციურ ინვესტორებსა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს მან გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.
„ჩვენ საქართველოს შესახებ პრეზენტაციაზე ინვესტორებს წარვუდგინეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მიმოხილვა და განახლებული პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პრეზენტაციას დაესწრო 50-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ წარმატებით განახორციელა ევრობონდის რეფინანსირება, ასევე, მიმდინარე წლის მაისში, გამოვუშვით 400 მლნ ლარის საშინაო ფასიანი ქაღალდები სინდიკაციის გზით. პრეზენტაციის პარალელურად გამართულ ორმხრივ შეხვედრებს დაესწრნენ ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ჩვენს საგარეო და საშინაო ფასიან ქაღალდებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარო ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი. J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში მონაწილეობა ამ ინტერესს კიდევ უფრო გააფართოებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
კონფერენციასა და ინვესტორთა შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.










