1788234240
ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების წესი დაამტკიცა
სტაბილური ვირტუალური აქტივებისა და მათი სარეზერვო აქტივების მუდმივი და გამჭვირვალე მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების შესახებ ანგარიშგების ახალი წესი დაამტკიცა. წესი მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურების სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და რისკების პრევენციას.
ახალი წესის შემუშავება ეფუძნება ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და საუკეთესო გლობალურ გამოცდილებას.
სტაბილური ვირტუალური აქტივების ანგარიშგების წესი განსაზღვრავს ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის მოთხოვნებს და დეტალურად ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის წარდგენაც ევალება ემიტენტს ეროვნული ბანკისთვის.
ზედამხედველობის ფარგლებში ანგარიშგების დანერგვა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს სრულყოფილი და რეგულარული ინფორმაცია პირველადი შეთავაზების ფარგლებში ემიტენტის მიერ გამოშვებული და მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივების და მასთან დაკავშირებული სარეზერვო აქტივების შესახებ. კერძოდ, რეზერვების შემადგენლობა და მასში შემავალი ლიკვიდური აქტივების თანაფარდობა.
სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტმა წესით გათვალისწინებული ანგარიშგება უნდა შეავსოს ამავე წესის დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად და ეროვნული ბანკისთვის პირველი ანგარიშგების წარდგენა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.












