ეროვნული ბანკი - ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 131.50 მილიონი ლარით, ანუ 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.88% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224.67 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 93.17 მილიონი ლარით, ანუ 0.27%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 52.09 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.98% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.43%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.