ეროვნული ბანკი: მაისთან შედარებით, ივნისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.85 მილიარდი ლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.85 მილიარდი ლარით, ანუ 3.15%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 11.57% შეადგინა.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 320.37 მილიონი ლარით, ანუ 1.13%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 1.53 მილიარდი ლარით, ანუ 5.03%-ით.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.10 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.85% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.50%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.45%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.95%, ხოლო ევროს წილმა 19.37% შეადგინა.