აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

საქსტატი

2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 5.1 პროცენტით მომატებულია როგორც ფეხსაცმლის, ისე 1.9 პროცენტით ტანსაცმლის ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით, ფასები მომატებულია 0.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.4 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.