2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - HSC Group Hospitality-ს დირექტორი

2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - HSC Group Hospitality-ს დირექტორი

ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, - ამის შესახებ მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, 2025 წელი იყო ბევრი სიახლე, რაც ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„2025 წელი იყო მართლაც საამაყო წელიწადი და იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ვიხილეთ წლის დასაწყისში ამდენი ახალი ავიამიმოსვლა და პირდაპირი ფრენა საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ევროპის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრიტანეთის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. 2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით და 10%-ით გაზრდილი ფასით. ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ვიხილავთ იმ ცვლილებებს და სიახლეებს, რომლებიც 2025 წელს განხორციელდა. მაღალ სეზონზე მივაღწიეთ პიკურ დატვირთვას თბილისში - ეს იყო 92%, რაც აჭარბებდა ევროპის სხვადასხვა ქალაქების ობიექტების გამოცხადებულ ფასებს“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს  ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს.  სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.

შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.