1757870206
თბილისში კიდევ ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება

თბილისის მერია ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას განახორციელებს. ცენტრი მოიცავს ფეხბურთის დახურულ მოედანს, პადელის ორ კორტს, ფიტნეს დარბაზსა და ღია საცურაო აუზს მოძრავი გადახურვით.
პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად იმ ტერიტორიაზე გაეცნო, სადაც ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.
„დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვაანონსებთ, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში განვახორციელებთ. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც მოეწყობა ვაკის რაიონში, კონკრეტულად, ბეგების დასახლებაში. ახალი საავტომობილო ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სივრცე მთლიანად იქნება გამოყენებული მულტიფუქნციური ცენტრისთვის. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქში პირველად მოეწყობა ღია საცურაო აუზი, ასევე, გათვალისწინებულია დახურული საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, სპორტული სივრცეები და კორტები. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება საკვები ობიექტიც. ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები შენარჩუნდება და მოეწყობა პარკი. მიხარია, რომ დედაქალაქში ამ სივრცეზე მორგებული გამაჯანსაღებელი სპორტული ცენტრი აშენდება, რომელიც მულტიფუნქციური იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს. ტერიტორიის განაშენიანების ფართობი 7 272 კვადრატული მეტრია, დახურული შენობის ფართობი კი 4 494 კვადრატული მეტრი.