3 რამ, რაც პოვნის შემთხვევაში, სახლში არასდროს უნდა მიიტანოთ
1730993531
"ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს - მიზეზი კვლავ მსოფლიო ბაზარზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, 11 მოქმედი ღუმელიდან 6-ს გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს.
"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, სამწუხაროდ, მოგვიწია 11 მწარმოებლური ღუმელიდან, 6 ღუმელის გაჩერება. მაგალითისთვის, თუ ვაწარმოებდით თვის ჭრილში 20 ათას ტონა მზა პროდუქციას. ოქტომბრის თვე დაგეგმილი გვაქვს 8 200 ტონა, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, თანამშრომლები შევინარჩუნოთ სრული შტატით იმ იმედით, რომ შემდგომზე გვექნება იმ ნიშნულზე დაბრუნება, რომელსაც მიჩვეულია ეს ქარხანა და რასაც ვაწარმოებდით სრული სიმძლავრის მუშაობის დროს," – აცხადებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი გოჩა ქურდაძე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესებით და უკრაინაში მიმდინარე ომით არის გამოწვეული. ამასთან, განმარტავენ, რომ წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე.
"დღეისთვის მოთხოვნა ფეროშენადნობებზე ისევ მინიმალურ მოცულობაზეა ასული. შესაბამისად, კრიზისი მიუხედავად, ამ 2-წლიანი პერიოდის გასვლისა და ჩვენი პოზიტიური მოლოდინებისა, კვლავ გრძელდება,“ - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი გიორგი ტატიშვილი.
"ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხანამ, ამავე მიზეზით, წარმოება გასული წლის სექტემბერშიც, 75%-ით შეამცირა.