რუსმა ჰაკერებმა ჯო ბაიდენის შვილის კომპანიის სისტემა გატეხეს - Associated Press

14:59 01-14-2020

უკრაინული გაზის კომპანია Burisma Holdings-ი რუსი ჰაკერების მხრიდან კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ Associated Press-ი ამერიკულ კომპანია Area 1 Security-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც სპეციალიზებულია კიბერუსაფრთხოების სფეროში.

გატეხვის მცდელობა გასული წლის ნოემბერში ჰქონდათ. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ კიბერთავდასხმა წარმატებული იყო, თმცა უცნობია რას ეძებდნენ ჰაკერები და რისი მოპარვა მოახერხეს. 

Associated Press-ი ვარაუდობს, რომ თუ გავითვალისწინებთ სისტემის გატეხვის პერიოდს, სავარაუდოდ ჰაკერები აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილზე ეძებდნენ კომპრომატს. უმცროსი ბაიდენი 2014 წლიდან Burisma Holdings-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

Area 1 Security მიიჩნევს, რომ Burisma Holding-ის გატეხვის უკან დგანან სწორედ ის ჰაკერები, რომლებმაც 2016 წელს, ჰილარი კლინტონის სააარჩევნო შტაბის კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს. 

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი ამჟამად ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია. ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Burisma Holding-ს უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ახსენებდა. ტრამპი ზელენსკის თხოვდა, რომ დაეწყო ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება. სწორედ ეს სატელეფონო საუბარი გახდა წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის მიზეზი.