ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება

17:36 01-13-2020
12519

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სწავლის პროცესის გადადების მიზეზი სეზონური გრიპის გავრცელებისგან თავის არიდება გახდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 იანვრის ნაცვლად, 20 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ, მერიის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე დღე გადაგვედო სააღმზრდელო პროცესის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ 20 იანვრამდე არ დავიწყოთ მუშაობა“, - ამბობს იგი.

ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 62 საბავშვო ბაღია.

თელავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ, თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა , ია ლუარსაბაშვილმა დაადასტურა.

„სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს განახლდება. გადაწყვეტილება მივიღეთ ნაწილობრივ ვირუსებთან და ნაწილობრივ შესყიდვებთან დაკავშირებით. ბაღები მზადყოფნაშია, მენიუები და შეკვეთები გამზადებულია, მხოლოდ ტექნიკური დეტალები ზუსტდება, რასაც მთელი კვირა სჭირდება “, - განაცხადა ლუარსაბაშვილმა.

თელავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ზამთრის არდადეგებები 15 იანვრამდე უნდა ჰქონოდათ. თელავის მუნიციპალიტეტში სულ 31 საბავშვო ბაღია.

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება. ააიპ „ბაგა–ბაღების გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა როგორც დაგეგმილი ქონდათ 20 იანვარს დაიწყება. ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბერს შეწყდა და ის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება. ქუთაისის მერიის ააიპ „ბაგა–ბაღების გაერთიანებაში“ სულ 37 ფილიალი.

ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლის დაწყების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ. ახალციხის მუნიციპალიტეტში 25 საბავშვო ბაღია, სადაც 2 000 აღსაზრდელი სწავლობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
             თეა შონია
             რუსკა გვარამაძე