რა მოხდა საშობაო წვეულებაზე ზუგდიდის სასტუმრო „ლეთოში“

17:22 01-11-2020
1094

ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოში“ გამართულ საშობაო წვეულებაზე, თბილისიდან მოწვეულ მომღერლებს, სასტუმროს ადმინისტრაციასა და სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი უყვება, იქ მყოფმა რამდენიმე პირმა მოითხოვა რეპერტუარის შეცვლა, ითხოვდნენ რუსულ ე.წ. ქურდულ სიმღერებს, რაზეც როგორც მომღერლებმა, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციამ უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი.

„დაპირისპირებაში ჩაერთო სასტუმროს მეპატრონის სიძე თ.ლ, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. როგორც მერე გავარკვიეთ დებოშის მომწყობი ორი პირი მეორე დღეს ადმინისტრაციული (1000-1000 ლარიანი) ჯარიმით გამოუშვეს. ვერ აგიღწერთ, იქ რა ხდებოდა, ან ასე რატომ ჩაგვიშალეს ეს წვეულება, ყვიროდნენ: ზუგდიდი ჩვენი ქალაქი არისო“,- გვითხრა თვითმხილველმა.

სასტუმრო „ლეთოს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დაგველაპარაკებიან და კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

ავტორი: თეა შონია