მოკლული მურად წურწუმიას ოჯახის ადვოკატი გამოძიების შედეგით კმაყოფილია

17:06 01-10-2020
381

26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის მასალები პროკურატურამ დაზარალებულის ოჯახის ადვოკატს გააცნო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე პროკურატურაში საქმის მასალებს დღეს გაეცნო. მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრეტენზიები და კითხვის ნიშნები არ აქვს, თუმცა ადვოკატები პროცესზე დაკვირვებას განაგრძობენ.

„გავეცანით საქმის მასალებს. გეტყვით, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭეს. ერთი მხრივ, თავად ძმა არის დაზარალებული, რომელიც უშუალოდ დაზიანდა ფიზიკურად, და მეორე მხრივ დედა, რომელიც გახლავთ გარდაცვლილის უფლებამონაცვლე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, როგორც კი ჩაერთო ამ საქმეში პირველი განცხადება, რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ მომხდარიყო მეორე პირის ინდენტიფიცირება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ამ ეტაპზე ეს გაკეთებულია, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ორივე მონაწილე პირი დაკავებულია და მოხდა მათთვის ბრალის დამძიმება, საუბარია 117 მუხლის მე-6 ნაწილზე, რაც ცხადია, საკმაოდ მძიმე მუხლია. გამოძიება ასევე მიმდინარეობს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და  163-ე მუხლით. არ არის გამორიცხული ძიების პროცესში კვალიფიკაცია კიდევ შეიცვალოს.

ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენც აქტიურად მივიღებთ ამაში მონაწილეობას.

აქვე მინდა დაზუსტდეს გავრცელებული ინფორმაცია თვალის ამოთხრასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს არასწორი ინფორმაცია. ჩვენი ორგანიზციის ადვოკატი, ასევე ოჯახის წევრი უშუალოდ ესწრებოდა გვამის დათვალიერებას და დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე თვალი ადგილზე იყო. ცხადია, ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული გარდაცვლილს, თუმცა თვალთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, ნამდვილად არაზუსტია.

ამ ეტაპზე ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ გვაქვს, თუმცა ჩვენ თვალს ვადევნებთ გამოძიების მსვლელობას, წინ კიდევ არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ვარკეთილის სასაფლაოზე ორ იანვარს მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო 26 წლის მურად წურწუმიამ. ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმაც, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. მეორე დღეს წურწუმია მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი - სპეცრაზმის თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი მეგიბარი ვახტანგ ბურძენიძე.