„ამაზე მძიმე წელიწადი არ დაგვდგომოდეს-მეთქი“ - სად გაატარა ახალი წლის ღამე გიორგი ნაკაშიძემ

17:21 01-08-2020
126

ეს ფოტო ნიჭიერმა ხელოვანებმა მოძრაობის თეატრში გადაიღეს. ერთმანეთი მსახიობებმა ზურა ყიფშიძემ, გიორგი ნაკაშიძემ და მუსიკოსმა დათო ევგენიძემ მუსიკალურ საღამოზე ნახეს. 

„ჯაზმენები უკრავნენ, გიო ხუციშვილის ბიჭი მღეროდა. ჩვენ გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა და ფოტოც გადაგვიღეს“ – „პრაიმტაიმს“ უყვება გიორგი ნაკაშიძე. როგორც ამბობს, ახალ წელს შვილთან ერთად შეხვდა, მერე ღამის თბილისში გაისეირნა და ფოტოები გადაიღო. 

გიორგი ნაკაშიძე: - კონცერტის ადგილი, მშრალი ხიდი გადავიარე, დედა ენის ბაღში, კაფეებში ახალგაზრდები ზეიმობდნენ. ვიფიქრე, რამეს გადავიღებ-მეთქი. მე ხომ ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ყველას ერთ სურვილს ვეუბნებოდი - ამაზე მძიმე წელიწადი არ დაგვდგომოდეს-მეთქი. ბევრი ცუდი მოხდა 2019 წელს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა. ბავშვობის მეგობრები დავკარგე, სხვადასხვა მიზეზით. ზაზა ურუშაძე, გია ყანჩელი, მიშა კობახიძე - წავიდნენ, დიდი კულტურის მატარებელი ხალხი. გამიხარდა, რომ ჩვენი ვაჟა ექიმი გამოუშვეს. ამ ამბის პოლიტიზირება კიდე რა არის, არ ვიცი. კაცი კაცურად წავიდა, არ დათმო, თავის პრინციპზე დადგა და გამოუშვეს. აქ კიდე დაიწყეს - „იმისიანია, ამისიანიო“ - რა „კლიაოზნიკობაა“, რა არის?! ეს დაგვღუპავს ჩვენ! მაიმუნობას არ მორჩნენ ეს ნახევრად განვითარებული მუტანტი პოლიტიკოსები. ხალხის ნერვებს არ უფრთხილდებიან.

- რა იმედებით უყურებთ 2020-ს?

- ბევრი პრობლემაა და უნდა დაგვეხმარონ გადავლახვაში, დაეხმარონ ხელოვნებას, თორემ შეიძლება ჩაკვდეს. ადამიანს პურის ფული თუ არ ექნება, კონცერტზე და სპექტაკლზე ვერ წავა. მე დიდი ხანია ქართველ პოლიტიკოსებს და საინფორმაციო საშუალებებს არ ვუსმენ. საქართველოზე რაც მაინტერესებს, „ბიბისიზე“ ვკითხულობ. დაძაბული სიტუაციაა ამერიკასა და ირანს შორის და ჩვენ ეპიცენტრში ვართ. ამერიკის მოკავშირედ თუ მოვიაზრებით, ჩვენც შეიძლება დაგვემუქრონ. ომგამოვლილი ხალხი ვართ, ვიცით, რა არის სამოქალაქო ომი და ღმერთმა ნუ მიგვიყვანოს მაქამდე. 

- ახალზე არაფერზე მუშაობთ?

- ახალზე არა. დიტო ცინცაძის ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შანხაის ფესტივალის და თბილისის ფესტივალის გრან-პრის მფლობელია. ფილმი თებერვალში გამოდის ეკრანებზე. თეატრებს  დასადგმელ ფულს არ აძლევენ და როგორ უნდა დადგან რეჟისორებმა სპექტაკლი? ამ ქვეყანას კულტურა გადაარჩენს - ადამიანების და საზოგადოების კულტურული ცხოვრება. ამიტომ უნდა დაეხმარონ ხელოვნებას და კულტურას, რომ იქნებ გვეშველოს. 

ავტორი: თამარ გონგაძე