ვინ იძიებს შურს სულეიმანის გამო - ირანში მოკლული გენერლის შემცვლელი დასახელდა

18:02 01-06-2020
1038

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული დაჯგუფება „ქუდსის“ ახალი მეთაური ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი იქნება. ვინ არის ის და რა არის ცნობილი მასზე?

„ჩვენ ყველანი ომის შვილები ვართ. ჩვენ მეგობრები გავხდით ომის ველზე“, - ასე აღწერდა ქაანი თავის ურთიერთობას მოკლულ გენერალ ქასემ სულეიმანთან.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ, რომელსაც პირდაპირ ემორჩილება გუშაგთა კორპუსი, განაცხადა, რომ „ალ ქუდსის“ ახალი ლიდერი ისმაილ ქაანი იქნება და ის ირანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახურად დაასახელა.

ქაანი დიდი ხნის განმავლობაში სულეიმანის ჩრდილში იყო და მასზე ძალიან იშვიათად წერდა პრესა. ის 1957 წელს ირანის ჩრდილოეთ ქალაქ მეშხედში დაიბადა. ის ისლამური რევოლუციის კორპუსის რიგებში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ჩაეწერა. ისევე როგორც სულეიმანი, ქაანი ირანში ქურთების აჯანყების ჩახშობაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც შახის დაცემის შემდეგ მოხდა.

ამის შემდეგ იყო ირანი-ერაყის ომი, რომელთა მსხვერპლი მილიონს ითვლის.

როგორც Times of Israel-ი წერს, დასავლეთის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სულეიმანი ძირითადად დაკავებული იყო ირანის დასავლეთით არსებული საკითხებით, ხოლო ქაანს აღმოსავლეთი ებარა - ავღანეთი, პაკისტანი. 

თუ თეირანი მართლაც უპასუხებს სულეიმანის მკვლელობაზე ვაშინგტონს, სწორედ რომ კაანი იქნება ამ პასუხის მთავარი კოორდინატორი, წერს Financial Times-ი.

შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.