მკვდარი ფრინველები შავი ზღვის სანაპიროზე - ვიდეო

13:43 01-06-2020
292

ოჩამჩირეში, ზღვის სანაპიროზე მკვდარი ველური ბატების ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფრინველების გარდაცვალების მიზეზები დგინდება.

სააგენტო „აიააირა“ რამდენიმე ვერსიას ასახელებს. მათ შორის ქაფშიის გადამამუშავებელი ქარხნის ზემოქმედება და ოჩამჩირის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნები.

როგორც ჟურნალისტებს ეკოლოგიის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავამ განუცხადა, ის რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რეალურად დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. მისი სიტყვებით, სპეციალისტები გავიდნენ ადგილზე და შეისწავლეს მომხდარი. ამ დროისთვის კი კვლევის შედეგების მოლოდინში არიან.
საველი ჭითანავას მიაჩნია, რომ თევზის გადამამუშავებელი ქარხანა არ იყენებს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იხვების დახოცვა ამ საწარმოს მიზეზით მოხდა.

„ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა, ზუსტად რა გახდა ფრინველების დაღუპვის მიზეზი. ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია სამხედრო წვრთნებმა. შესაძლოა წყალში აფეთქდა რაღაც მოწყობილობა და დაღუპული ფრინველები გამორიყა“, - განაცხადა ჭითანავამ.

მისი სიტყვებით, ზოგიერთ ფრინველს სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა.

ავტორი: თეა შონია