ერაყიდან აშშ-ს ჯარის გასვლით მთელი აღმოსავლეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება - სამხედრო ექსპერტი

21:53 01-05-2020
1904

„თუ მთავრობას არ უნდა თავის ქვეყანაში რომელიმე ჯარის ყოფნა და ასეთი რეზოლუცია პარლამენტმა მიიღო, რა თქმა უნდა აშშ ვალდებული იქნება ერაყიდან ჯარები გაიყვანოს“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ზურაბ აგლაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ერაყიდან ამერიკული სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხი, მხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებით გადაწყდება.

„ეს საკითხი ორ სახელმწიფოს შორის უნდა გადაწყდეს. უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, გაიწეროს გეგმა და შეთანხმდნენ ვადებში. ეს არ მოხდება ერთ თვეში ან ერთ წელში, ასე უცბად ვერ გამოიყვანენ ამ რაოდენობის ჯარს. შეიძლება ვადები განისაზღვროს 1, 2 ან 5 წლით, ეს მათზეა დამოკიდებული“, - ამბობს აგლაძე.

საფრთხეების შესახებ ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ერაყის უკონტროლოდ დარჩენის შემთხვევაში, არაა გამორიცხული ამ ქვეყანაში კვლავ მოძლიერდეს ისლამური სახელმწიფო, ან ძალაუფლების ხელში ჩაგდება სხვა დაჯგუფებამაც მოინდომოს.

„რაც შეეხება საფრთხეებს, ერაყი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, ქვეყანაში მაინც რთული ვითარებაა. ყველა დიდი მოთამაშეა ჩართული - არიან პროირანელები, შიიტები, ანტიირანელები, არის კორუფცია, გამოსვლები და პრაქტიკულად შესაძლებლობა იმისა, რომ ერაყი გახდეს უკონტროლო, ეს მთელი აღმოსავლეთისთვის ძალიან რთული იქნება. მარტო ტერიტორიაზე არ არის ლაპარაკი, თუ ერაყი გახდა უკონტროლო, რაღაც ტერიტორიაზე შეიძლება დაბრუნდეს ისლამური სახელმწიფო და გახდეს ტერორისტების თავშესაფარი. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ეს ნავთობის ბაზარზე აისახება უარყოფითად. საერთაშორისო ბაზარს შესაძლოა ერაყული ნავთობი გამოაკლდეს, საკმაოდ დიდი გამყიდველია დღეს ერაყი და მისი გასვლა ნავთობის ფასებზეც აისახება, ამიტომ ამ ეტაპზე ერაყში არეულობა ნამდვილად არავის არ სჭირდება. ვფიქრობ, რომ ერაყის პარლამენტმა მოვალეობა კი მოიხადა სოლეიმან ყასიმის მკვლელობის შემდეგ და რაღაც დონეზე პასუხისმგებლობაც კი აიღო, რადგან მათ ტერიტორიაზე მოხდა და შეუთანხმებელი იყო, თუმცა ჯარების გაყვანას და ვადებს ალბათ მაქსიმალურად გაწელავენ. ამ დროის განმავლობაში ეცდებიან მთავრობის ფორმირებას, რომელიც თავის ფუნქციას შეასრულებს და რაც უკეთესი იქნება სახელმწიფოსთვის იმას მაინც გააკეთებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი პროცესები განვითარდება,“ - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტართა უმრავლესობამ ერაყიდან აშშ-ს სამხედრო დანაყოფების გაყვანას მხარი დაუჭირა.