„ჩვენ გიჟებს გვეძახიან!“ - კოლექციონერი მშრალი ხიდიდან

18:46 12-13-2019
239

მშრალ ხიდზე ისტორიაა გამოფენილი და მას „არაჩვეულებრივ გამოფენას“ უფრო უწოდებ. უამრავი ძველი ფოტო იყიდება, რომელიც ადამიანებს ოჯახებიდან გამოაქვთ. ძალიან საინტერესოა მათი თვალიერებაც. რუსეთის მეფის, მიხეილ ნიკოლოზის ძის კარის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო გაუმეტებია ვიღაცას და „გროშებად“ ჩაუბარებია. 

თამაზ მურადელი წლებია, მშრალ ხიდზე სხვადასხვა დროს გამოშვებულ ფულის კუპიურებს ყიდის. თავად ნუმიზმატიკია და ფილატელიითაც არის გატაცებული.

„ჩვენ გიჟებს გვეძახიან“, თქვა მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

- ვმსახურობდი რუსეთში, ვარ ოფიცერი. სამშენებლო სამუშაოებს რომ ვატარებდით, მიწაში ხშირად ვპოულობდით ისეთ ნივთებს, რაც არქეოლოგებისთვის საინტერესო იყო. გამოვიძახებდით ხოლმე სახელმწიფო სტრუქტურებსა და არქეოლოგებს,  გადაათვალიერებდნენ  და რაც მათთვის საინტერესო იყო, მიჰქონდათ. 

მეც იქვე ვიყავი ხოლმე, თავზე ვადექი და სულ ვინტერესდებოდი, ვეკითხებოდი ამ ნივთების წარმოშობის ისტორიას. მერე, თუ რაიმე განსხვავებული გამოჩნდებოდა, ძალიან მაინტერესებდა, სპეციალურ ლიტერატურას ვკითხილობდი და ვიგებდი მის შესახებ ყველაფერს. მე ბატალიონის მეთაური ვიყავი, 770 ჯარისკაცი მებარა და ისინიც ბევრ ნაპოვნ ნივთს მჩუქნიდნენ. ასე დაიწყო ჩემი დაინტერესება და გავხდი კოლექციონერი. რასაც აქ, ვყიდი, სულ იქიდან მაქვს ჩამოტანილი.

width=600

ჩემთან კუპიურების ფასი 10 ლარიდან იწყება. მათ შორის  ყველაზე ძველი 1884 წლის 10-მანეთიანია, მაგრამ ფასი არა აქვს, რადგან დიდი ტირაჟით იყო გამოშვებული. ანტიკური მონეტები მაქვს, მაგრამ არც მაგათ აქვთ ფასი. 

ამ საქმით ოჯახს ვერ შეინახავ, რადგან ზარალია. როცა რამე საინტერესო გამოჩნდება, გინდა, რომ შენს კერძო კოლექციაში ჩადო და გქონდეს და რასაც ამ ნივთში იხდი, ის ხომ ოჯახს აკლდება? ჩვენ გვეძახიან გიჟებს, რადგან ზოგს ურჩევნია, რასაც იშოვის, დროის ტარებაში დახარჯოს, ზოგი კი ჩაუჯდება და თითოეული ნივთის ისტორიას შეისწავლის და იმისათვის, რომ ესა თუ ის ნიმუში თავის კოლექციას შემატოს, საკმაოდ სოლიდურ თანხებს იხდის. ლიტერატურის გაცნობა აუცილებელია, უნდა იცოდე, რა ნივთს ფლობ. ეს ერთგვარი აზარტია, რაც ძვირი ჯდება.

width=600

ყველაზე უნიკალური ნივთებიდან მახსოვს ლუი XIV-ს დროინდელი „რაინდის თასი“, რომელიც აქ ერთმა ადამიანმა მოიტანა და შემომთავაზა, მეყიდა. კი ვერ შევწვდი ამ ნივთს, რადგან 1998 წელს 2.000 დოლარი ძალიან დიდი ფული იყო, მაგრამ მისი წარმოშობის ისტორიით კი დავინტერესდი და სპეციალური ლიტერატურა მოვიძიე: მაშინ ასეთი წესი ყოფილა - მეომარს, რომელიც თავს გამოიჩენდა ბრძოლაში, ამ თასით სასმელს შეასმევდნენ, ხმლებით მხრებზე ჯვარს გამოსახავდნენ, რაინდის წოდებას მიანიჭებდნენ და თასს ჩუქნიდნენ. ვინც ეს თასი გასაყიდად მოიტანა, იმან თქვა, რომ წინაპრებისგან ერგო მემკვიდრეობით. როგორ მოხვდა ეს თასი საქართველოში ან მერე სად წაიღო, სად გაყიდა, არავინ იცის. დედოფალი ეკატერინეს დროინდელი ფულის კუპიურა მაქვს, 2 ცალი 100-მანეთიანი. ეს კუპიურა გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე დიდი ზომის ქაღალდის ფული. მაშინ 100 მანეთი ისეთი დიდი ფული იყო, რომ ამ ერთი კუპიურის მფლობელს შეეძლო, მთელი წელი უზრუნველად ეცხოვრა. ვინ იცის, ვის ხელშია გამოვლილი, მე კი აქ მიდევს და „კაპიკებში“ ვყიდი. 

 ავტორი: მარი ჯაფარიძე