„ჩემი წინაპრები მეფის დროსაც ფეხსაცმლის მწმენდავები იყვნენ“ - გაიცანით ქიშო და ჟორა, რომლებიც 55 წელია ფეხსაცმელს აპრიალებენ

15:47 12-06-2019
822

ჟორას და ქიშოს ფეხსაცმლის წმენდის ხელოვნება ბაბუებმა შეასწავლეს. ამბობენ, რომ წარმოშობით ასურელები არიან და მათი წინაპრები საბჭოთა კავშირის დროს სამტრედიაში ჩამოსახლდნენ.

გიორგი დავიდოვ ბაჯიევი 57 წლის არის და აქედან 42 წელია ფეხსაცმლის წმენდით არის დაკავებული. 22 წელია რაც რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ემსახურება თბილისურ საზოგადოებას.

„ჩემი წინაპრები მეფის დროსაც ფეხსაცმლის მწმენდავები იყვნენ და ეს პროფესია თაობიდან-თაობას გადმოგვეცემოდა. 15 წლის ვიყავი ეს საქმიანობა რომ დავიწყე. მაშინ ვარაზის ხევში ვმუშაობდი 1974 წელს, ლამაზი ჯიხური მქონდა. ხელფასსაც მაძლევდნენ, იმ ფულით შვებულების დროსაც კარგად ვისვენებდი, სოხუმში დავდიოდი ხოლმე.  საბჭოთა კავშირი, რომ დაინგრა ყველა ჯიხური დაანგრიეს და დავრჩით გარეთ.  სკამები გვაქვს და აქ ვემსახურებით ხალხს. კომუნისტების დროს 25 კაპიკი ღირდა ფეხსაცმლის გაპრიალება, ახლა გააჩნია ვის რამდენი აქვს. რამდენჯერ „პოსლეზე“ გამიწმენდია. ბუბა კიკაბიძე, ოთარ რამიშვილი მოდიოდა ჩემთან.  ვერაზე, რომ ვიჯექი დოდო აბაშიძე და ვასო გოძიაშვილი მოვიდოდნენ, ფეხსაცმელს გავუპრიალებდი, მერე თითო ჭიქას დავლევდით ხოლმე. ადრე, რომ პიროვნებები იყვნენ ისეთი ახლა სად არიან. მე უფრო ახლოს ვარ ხალხთან ვიდრე მთავრობა. ადრე სხვანაირად გექცეოდნენ, გესაუბრებოდნენ. ახლა სულ სხვანაირი ხალხია.  მე და კიდევ ოთხი კაცი დავრჩით რა ამ პროფესიის, წითელ წიგნში ვართ შესატანები, უკანასკნელი მოჰიკანები ვართ. “

ქიშვარდი ნაკაშიძე წარმოშობით სამტრედიიდან არის. 74 წლის არის და 55 წელია რაც ბაბუის დანატოვარი ფეხსაცმლის საწმენდით უპრიალებს მსურველებს ფეხსაცმელს.

„პატარა ჯიხური მქონდა, სულ ფეხბურთელების სურათებით მქონდა მორთული. სამტრედიაში კარლო კალაძის და სხვა ფეხბურთელების ბუცებს ვაპრიალებდი, რომ გაუფუჭდებოდათ მაშინაც ჩემთან მოჰქონდათ. ხურცილავა, რეზო ძოძუაშვილი სულ ჩემთან მოდიოდნენ.  სადგურზე ეს ადგილია ჩემმა ბიძაშვილმა დამიტოვა, რომ გარდაიცვალა. ასე მითხრა ჩემს შვილს თუ მოუნდება დააჯინეო და იქამდე მე ვზივარ. ჩვენს შემდეგ თაობას არ მოსწონს ეს პროფესია, ახლა სხვა გასართობი აქვთ და ეუხერხულებათ ამის კეთება. მე სამტრედიიდან ჩამოვედი, აქ ვიქირავე ბინა. 43 ლარს აქაურ ქირას ვიხდი. დილის 8 საათზე მოვდივარ და თუ წვიმამ არ შემიშალა ხოლმე ხელი, საღამომდე აქ ვზივარ. დღეში ყველაზე ბევრი 18 ლარი გამიკეთებია. მიყვარს ჩემი პროფესია, მიხარია სუფთა და გაპრიალებულ ფეხსაცმელს, რომ ვუყურებ. ადამიანის კულტურაზე მეტყველებს სუფთა ფეხსაცმელი“.

 

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე