„კორტესთან ფოტოს გადასაღებად მეგრული ფინთით მივედი“ - როგორ აღმოჩნდა ფლამენკოს ჯადოქართან ჯანო იზორია

13:17 12-04-2019
455

მსახიობი ჯანო იზორია „ფეისბუქით“ ხუაკინ კორტესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფლამენკოს უბადლო შემსრულებელი სატელევიზიო შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მთავარი მსაჯია. ის ჟიურიში ზის და კონკურსანტებს აფასებს. ჯანო შოუს წინა სეზონის მონაწილე გახლავთ. ამიტომაც ამჯერად, შოუს ორშაბათის ტურში, მიწვეული იყო მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, ნოდარ სიმსივეს თანამეწყვილედ. ნოდართან და მზია ორველაშვილთან ერთად იზორიამ „ჩა ჩა ჩა“ შეასრულა. დანარჩენზე ჯანო „პრაიმტაიმის“ მკითხველს თავად უყვება.

ჯანო იზორია: - რომ გავიგე, კორტესი ამ სეზონის ჟიურიში უნდა მჯდარიყო (ჩემ დროსაც გადასარევი ჟიური იყო), ცოტა შურით ავივსე. ფლამენკო წინა სეზონზე მეც ვიცეკვე და წარმოვიდგინე, როგორ შემაფასებდა კორტესი. ნოდართან ერთად რომ ვიცეკვე, ხუაკინმა თვალი ჩამიკრა და თითით „ლაიქი“ მაჩვენა. ეს ტელევიზიით ახლო კადრით არ ჩანდა, მაგრამ მე ხომ შევნიშნე. ნოდარი მოსწონს ხუაკინს.

მასთან ფოტოს გადაღება ყველას უნდოდა. მაგრამ მე მეგრული ფინთით მივედი, კოსტიუმით და შეძახილით - ხუაკინ, ამიგოს-მეთქი. მიცნო, ხელი გადავხვიეთ ერთმანეთს და „დავსელფეთ“. იგრძნობოდა, რომ ფოტოების გადაღება არ არის მისთვის მომაბეზრებელი. მეგონა, ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ვიღებდი ფოტოს. ეს მისი ენერგეტიკიდან იგრძნობოდა.

ხუაკინ კორტესია ბოლოს და ბოლოს და გამიხარდა, მის ასეთ დამოკიდებულებას ვაფასებ. უშუალო და უბრალო ადამიანი აღმოჩნდა. ორგანული და ავთენტურია თავის ფლამენკოში. მისი პერსონის ყურებისას ესპანეთში აღმოჩნდებით. დადის და თავისი ქვეყანა დააქვს. ძალიან დასაფასებელია თავისი ქვეყნის ავთენტურობის მატარებელი ყველა ადამიანი. ჩვენი „სუხიშვილები“ სწორედ ასეთი ანსამბლია. მაინტერესებს, ქართულ ტურს როგორ შეხედავს და როგორ შეაფასებს. ალბათ, გაგიჟდები ჩენი ქორეოგრაფიით. 

სახლში როგორც კი მივედი კორტესის საუკეთესო ნომრები ვნახე, კიდევ ერთხელ აღფრთოვანებაში მოვედი.

მოკლედ, მოსაყოლი მაქვს, შვილებს მოვუყვები, როგორ ვიცეკვე კორტესის წინ და როგორ შემაფასა. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე