სიღნაღში სიძემ სიმამრი მოკლა

12:31 12-03-2019
1039

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა.

61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.

„პრაიმტაიმი“ მკითხველს შეახსენებს საგანგაშო სტატისტიკას, რაც ოჯახში ძალადობის ფაქტებს აღწერს:

2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა. ძალადობის სწორედ ამდენი შემთხვევა აღრიცხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 5875 ქალი იყო, ხოლო კაცი 1018.

რაც შეეხება მოძალადეებს, მოძალადე 5671 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო 954 შემთხვევაში ქალი. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში 7646 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

რაც შეეხება ძალადობის სახეებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს-ს ყველაზე ხშირად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ, ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის დროს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი