პანკისში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

23:55 12-02-2019
63

ორ დაკავებულს, არბი ქავთარაშვილსა და რამაზ ხანგოშვილს ბრალის დადგენილება კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში, ცოტა ხნის წინ გააცნეს.

ბრალდებულების ადვოკატის, ელენე ქიშმარიას ინფორმაციით, რამაზ ხანგოშვილს, ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, ხოლო არბი ქავთარაშვილს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა- შენახვასა და მისი საკუთრების მიზნით დაუფლებას ედავებიან.

არბი ქავთარაშვილი ბრალს აღიარებს და წარდგენილ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ ცნობს. რაც შეეხება რამაზს, შევჯერდებით საბოლოო ვერსიაზე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ- განაცხადა ელენე ქიშმარიამ.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, შემთხვევის დროს არბი ქავთარაშვილმა ვინჩესტერის ტიპის იარაღი, ხოლო რამაზ ხანგოშვილმა პისტოლეტი გამოიყენა.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, შეიარაღებული დაპირისპირებისას შედეგად, 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს. ინციდენტის დროს დაიჭრა სამი ადამიანი.

ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, თელავის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი