წითელი მიხაკი, სანთელი და შავი ბაფთა - ხორავას ქუჩის დღევანდელი ატრიბუტიკა ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ

18:44 12-01-2019
1090

ხორავას ქუჩის ტრაგედია - ამ სამ სიტყვაში ორი მოზარდის მკვლელობა გაერთიანდა. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ქუჩაში მომხდარ გარჩევას ზუსტად 2 წლის წინ ემსხვერპლნენ. 

პრაიმტაიმთან“ საუბარში ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ სარალიძეებს სამართლიანობის იმედი აქვთ. თავად ადვოკატის თქმით, იკვეთება სამოხელეო დანაშაული და ისეთი მტკიცებულებების განადგურების ფაქტები, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ ჩრდილში გადაინაცვლა, ის საჯარო გამოსვლებში მონაწილეობას აღარ იღებს და მდუმარედ აკვირდება სასამართლოში თავისი შვილის საქმის მსვლელობას.

„დღესაც არაერთი კითხვაა, ვერ ვიტყვი, რომ საქმე დასრულებულია. ჯერ კიდევ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. საქმე დასრულებულად ვერ ჩაითვლება, სანამ სამოხელეო დანაშაული ჯერ კიდევ სახეზეა. შესაბამისად, კითხვის ნიშნები არსებობს.

რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯებიც გვაქვს. მთელმა საზოგადოებამ დაინახა რა დღეშია ქართული მართლმსაჯულება. ნდობის ის მცირე ხარისხის კი, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებას ჰქონდა, მინიმუმამდე დაიყვანა. ეს რა თქმა უნდა, კარგი არაა, მაგრამ ფიქრი დავიწყეთ, რა როგორ უნდა გამოსწორდეს. მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლომ თქვა - სარალიძის ეპიზოდში ერთი მსჯავრდებულის გარდა, კიდევ მონაწილეობდა სხვა პირი. ამან გამოიწვია მიხეილ კალანდიას დაკავება.

ჩვენ იმედი გაქვს, რომ სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და ის შედეგი დადგება, რაც ამ საქმეში უნდა იყოს. თუმცა, ბრძოლა გრძელდება და ესაა სამოხელეო დანაშაულის საკითხი. ამან გამოძიების გარკვეული ნაწილი ჩიხში შეიყვანა, თითქმის არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, ან თუ ტარდებოდა, ისეთი ხარისხით, რომ მტკიცებულებების ნაწილი განადგურდა. მოზარდებს შორის მიმოწერა ამოღებული არ არის, პირველი დეკემბრის მიმოწერა განადგურებულია.

ამერიკას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მიმართა მოზარდებს შორის მიმოწერის აღდგენის თაობაზე. თუმცა, გამოთხოვილ მასალაში პირველი დეკემბრის მიმოწერაზე თქვეს, რომ საუბარი მათ შორის ნამდვილად იყო, მაგრამ შიგთავსი წაშლილია. რა თქმა უნდა, აქაც კითხვის ნიშანი ჩნდება - ვის მიუწვდებოდა ხელი რომ წაეშალათ?!

თავად ზაზა მდუმარედ ადევნებს თვალყურს და ჩრდილიდან აკვირდება სასამართლოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მოეხსნას ის სტატუსი, რაც მიაკერეს. მას არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს. ის სამართლის აღდგენის იმედზეა“ - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

„დათუჩას დავპირდი, მისი სულისთვის სამართლიანობას აღვადგენ“ -  ეს სიტყვები ზაზა სარალიძეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე თვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარავში ცხოვრობდა და მხარდაჭერას საზოგადოებას სთხოვდა. ის პროტესტს სხვა შვილმკვდარ მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამოხატავდა. ამიტომ, საზოგადოებამ სარალიძე-მაჩალიკაშვილის გამოსვლებს მამების აქცია უწოდა...

ბოლო რამდენიმე თვეა, ზაზა სარალიძე საჯარო გამოსვლებში აღარ მონაწილეობს და შორიდან აკვირდება „დათუჩისთვის“ მიცემული პირობის - მისი სულისთვის სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

დღეს ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე წითელი მიხაკით, სანთლითა და შავი ბაფთით გამოჩნდა...

შეგახსენებთ, სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.