რომელი ცნობილი ქართველები არიან 70-იანი წლების ამ ფოტოებზე

15:32 11-29-2019
1510

მოცეკვავე თეა დარჩია ბოლო დღეებია სოაციალურ ქსელში ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ნოსტალგია მოეძალა. ერთ-ერთ ფოტოზე 6 წლის თეა მუსიკოსებთან ერთადაა გადაღებული, რომელზეც აწერს - „აბა, ვინ იცნობთ ამ ხალხს?“ ფოტოზე ვალერი კოჩაროვი თავის მეგობრებთან ერთადაა. 

კოჩაროვი საქართველოში როკ-მუსიკის ერთ-ერთი პიონერი და ჯგუფ „ბლიცის“ დამფუძნებელია, რომელიც საბჭოთა კავშირში Beatles-ის ქავერებით იყო ცნობილი.

70-იანი წლებიდან ლივერპულში სათავე დაედო ტრადიციულ კონკურსს, სადაც საუკეთესო “ბითლზ-ორეულები” გამოდიოდნენ. ამ ფესტივალის გრან-პრი ყოველთვის ინგლისურენოვანი ქვეყნების ჯგუფებს ერგებოდათ. ტრადიცია მხოლოდ ერთხელ დაირღვა, როდესაც 1989 წელს მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის მიენიჭა თბილისურ ჯგუფს “ბლიცს”, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვალერი კოჩაროვი (ჯონ ლენონი), ვალერი ამბარცუმიანი (პოლ მაკარტნი), ზაზა სახამბერიძე (ჯორჯ ჰარისონი), ბიჭიკო ოსიპოვი (რინგო სტარი) და ელო შახბაიანი (კლავიშებიანი ინსტრუმენტი). 

რა კავშირშია კოჩაროვი თეა დარჩიას ოჯახთან, ამას მოცეკვავე „პრაიმტაიმს“ თავად უყვება.

თეა დარჩია: - ნოსტალგია შემომაწვა და ბავშვობის ფოტოებს ამიტომ ვდებ „ფეისბუქზე.“ „ბლიცებს“ საოცარი წარმატება ჰქონდათ, ფილარმონიას ხურავდნენ. მერე ბარებში მუშაობდნენ. კულტურული რევოლუცია მოახდინეს. ბიძაჩემის, იაგო დეკანოზიშვილის უახლოესი მეგობრები არიან. ერთად გაიზარდნენ, ერთად დაბერდნენ და ისევ ერთად არიან. ბიძაჩემი დაკარგული ქართული ტიხრული მინანქრის აღმდგენი გახლავთ. 

- თეა, როგორი ბავშვი იყავით? ფოტოებიდან თავდაჯერებული ჩანხართ.

- სცენაზე კი, ცხოვრებაში - ნაკლებად. როცა ვცეკვავ, მე ვარ, მაგრამ  ცხოვრებაში დღემდე არ მაქვს თავდაჯერება.

- ვერ იტყოდი...

- არ ვიმჩნევ და ამიტომ!

- ასეთი შემდგარი ადამიანისთვის თავდაჯერების დეფიციტი რაში გამოიხატება?

- თუ მთელი ცხოვრება არ გდევს ეჭვი - რას და როგორ აკეთებ, აუცილებლად ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ. მადლობა ღმერთს, ეს ეჭვი სულ მაქვს - ხომ არ ვცდები, სწორად ვმოქმედებ თუ არა-მეთქი. ეს ეჭვები პერმანენტულად თან მდევს. ამიტომაც ბოლომდე თავდაჯერებული არასდროს ვარ.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე