რას განიცდიდა ბავშვობაში მამის საათის მიმართ ზვიად ციკოლია - "დამივარდა და გატყდა. მამა საკმაოდ გაბრაზდა"

14:43 11-26-2019
334

ნაკლებად, რომ ვინმეს ზვიად ციკოლიას საათი არ მოსწონდეს. შვეიცარიაში დამზადებული ქართული წარმოების საათები ნამდვილად საამაყო ბრენდს წარმოადგენს. ხარისხი თვალშისაცემია.

სპორტული, სამხედრო, საიუველირო, კლასიკური... ხუთიოდე მოდელის საათია, თითო მოდელს თავისი ინტერპრეტაცია და ფერთა გამა აქვს. როგორც დიზაინერი ამბობს, მალე ლამაზი სქესისთვის საიუვილიროსკენ გადახრილ ელეგანტურ საათსაც გამოუშვებს, სამაჯურივით რომ იხმარონ ქალბატონებმაო.

საათებით მისი დაინტერესება სათავეს ბავშვობიდან იღებს. ამ ნივთის მიმართ ქვეცნობიერი და ამოუხსნელი ლტოლვა ჰქონდა. მომავალ დიზაინერს ბავშვობაში მამის მაჯის საათი „სლავა“ ძალიან იზიდავდა.

„ძალიან პოპულარული საათი იყო საბჭოთა კავშირის დროს და მახსოვს, როგორ დამივარდა და გატყდა. მამა საკმაოდ გაბრაზდა. თხელი მექანიზმი და წიკწიკი გარკვეულ გრძნობებს იწვევდა ჩემში. ახლაც იგივე განცდა მაქვს საათების მიმართ. ხელში რომ მიჭირავს, ამოუხსნელ ემოციებს განვიცდი, სიტყვიერად ვერ გადმოვცემ. მაგიური განცდაა...“ – „პრაიმტაიმის“ მკითხველს ზვიადი საათების სიყვარულზე უყვება.

- რა საათს ატარებს ზვიად ციკოლია?

- რა თქმა უნდა, ციკოლიას (იცინის). ეს კონკრეტული მოდელი ჯერ არ გამოსულა, ავტომატური საათის პროტოპია, რომლის წარმოებაც მომავალი წლიდან დაიწყება. ჩვენს გამაში ერთ-ერთი ფლაგმანი იქნება. კლასიკური საათია. შეიძლება ითქვას, დემოკრატიული. ნებისმიერ ტასაცმელს რომ მოერგება, ისეთია. მინდა გითხრათ, საკმაოდ რთულია კლასიკური საათის კეთება. მილიმეტრის მეათედებში უნდა განსაზღვრო ყველა ელემენტის ზომა. ამ საათთან მიმართებაში სერიოზული სამუშაო ჩავატარე. როგორც წესი, დიდ ხანს არ ვმუშაობ. ძირითად იდეაზე მუშაობას სამი-ოთხი წუთი მიაქვს. მერე შავი სამუშაოა. 

- საათების მწარმოებელი დროს როგორ განაგებთ?

- ძალიან მიჭირს. დღე-ღამის განმავლობაში ძალიან ცოტა მძინავს. ბევრ ენერგიას ვხარჯავ და იმისთვის, რომ მეტნაკლებად საღ გონებაზე ვიყო, აკუმულირება საჭიროა.  მთელი დღე დატვირთული მაქვს. საათების და საიუველირო თემები, სამრეწველო დიზაინის  პროექტები და პლუს ტვითმფრინავის დიზაინი, რაზეც ვმუშაობ. ამ ყველაფერს დამატებული ოჯახი! 

- რომელიც უყურადღებობას გპატიობთ თუ - არა?

- მე ვფიქრობ, ყველაზე ძალიან უყურადღებობას ოჯახი მპატიობს. რეალურად ხედავენ, თუ რა ორომტრიალში ვარ. აქედან გამომდინარე, რახან ჩემთან არიან, ესე იგი მპატიობენ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე