რატომ არ უშვებენ კერძო სკოლის მეწილეს თავისსავე სკოლაში  

16:48 11-20-2019
2900

სასამართლო დავა მეწილეებს შორის ისეთი სკანდალური არ იქნებოდა, რომ არა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებს შორის დასანიშნი კანდიდატის ვინაობის გაჟღერება.

საქმე კერძო სკოლა „სადუნის“ მეწილეების დავას ეხება, რომელიც სასამართლოში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი განიხილავდა.

შპს. სკოლა „სადუნის“ 20 პროცენტიანი წილის მფლობელი ჟანა ძებნიაური ამავე დაწესებულების 51 პროცენტის მფლობელს მარიამ ცინცაძეს უჩივის.

„პრაიმტაიმს“ ჟანა ძებნიაურის შვილი, ნათია ძებნიაური ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მისმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამსახურები და ბიზნესი ჰქონოდათ.

მთელი ფინანსური რესურსი სკოლის ბიუჯეტში შეიტანეს და გასულის წლის ახალი წლიდან საკუთარ სკოლაში რიგით თანამშრომლადაც არ დატოვეს. ამბობს, რომ 4 შვილის დედა სრულიად უსახსროდაა დარჩენილი. ის ამ ყველაფერში მეორე მეწილეს მარიამ ცინცაძეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ 30-წლიანი თანამშრომლობა, ურთიერთობა და მეგობრობდა აკავშირებდათ.

„პირველ რიგში, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებულ სკოლას ოთხი მეწილე ჰყავს, ესენი არიან: მარიამ ცინცაძე 40%-ით,  ჟანა ძებნიაური 20%-ით, ხათუნა სულაძე 20%-ით და ლელა ლოცულაშვილი 20%-ით.

დედაჩემი, ჟანა ძებნიაური და მარიამ ცინცაძე 30 წელი თანამშრომლები იყვნენ, მერე გადაწყვიტეს საგანმანათლებლო კომპლექსის გაკეთება, საბავშვო ბაღისა და სკოლა „სადუნის“. ამაში დედამ ოფიციალურად თითქმის 186 000 ლარი საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ამ თანხის სანაცვლოდ მას 28 პროცენტი უნდა ჰქონოდა, რეალურად 20 პროცენტი შერჩა, რაც სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს.

არსებობს დოკუმენტაცია,  თუ როგორ ჩაიგდო ხელში მარიამ ცინცაძემ სხვა პარტნიორის ხათუნა სულაძის წილის ნაწილი, კერძოდ, 2002 წლის 15 ოქტომბერს სანოტარო აქტითა და კრების ოქმით, ხათუნა სულაძემ თავისი 20%-დან 15% 400 ლარად(!!!) გადასცა მარიამ ცინცაძეს, თუმცა, 2005 წლის 28 სექტემბერს წილის 4% რატომღაც უკან დაუბრუნა ხათუნა სულაძეს.

დედასთან ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლეც. მე ბუღალტერი გახლდით, ქმარი კი ტექნიკური ზედამხედველი. 2017 წლის 28 დეკემბერს, ახალი წლის წინ მე და დედა დირექტორის ბრძანებით უმუშევრები დავრჩით, ხოლო მეუღლე 2018 წლის ივლისის თვეში გაათავისუფლა. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ხელფასი იყო, რადგან ბიზნესიდან მოგება არცერთი თეთრი არ მიგვიღია. 4 მცირეწლოვანი შვილი მყავს და წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 2 ძმისშვილი მყავს კიდევ... 

ერთხელაც სამსახურში რომ მივედით, მარიამ ცინცაძემ ჩვენს საკუთარ შენობაში არ შეგვიშვა. ჩხუბს და გაწევ-გამოწევას ხომ არ დავიწყებდით?! როგორც ცივილურ ადამიანებს შეეფერებათ, სამართალდამცავებს მივმართეთ და ამის შესახებ ოქმიც დაიწერა. ჩვენი კაბინეტები გატეხა მარიამ ცინცაძემ და შეიჭრნენ. დღემდე არ ვიცით, სადაა ჩვენი პირადი ნივთები. 

ესეც არ იკმარა და ბავშვების სწავლასთან დაკავშირებით სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებაც არად ჩააგდო.  დედაჩემს, სკოლის ერთ-ერთ მეპატრონეს, სამ შვილიშვილზე (ორი ჩემი შვილი და ერთიც ძმისშვილი) ყოველგვარი შეღავათი მოუხსნა და ჩვენთან შეთანხმების გარეშე, 100%-ით გააძვირა ბავშვების სწავლის ღირებულება. განსახილველად ესეც სასამართლოს გადაეცა. ეს პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

რაც შეეხება წილების დავას, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სასამართლოს პირველ ინსტანციაში ეს დავა წავაგეთ. მიუხედავად იმისა, რომ თანხა ოფიციალურად გვაქვს შეტანილი და ჩემს ოჯახს წილი ნაყიდი აქვს. ახლა, ალბათ გაჩნდება კითხვა, როგორ წავაგეთ სასამართლო თუ ყველაფრის მტკიცებულება ხელთ გვაქვს. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, ამ კითხვაზე პასუხი ნაცნობობაშია. ამ საქმის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილია, ის საზოგადოებას პარლამენტში მოსამართლეების მოსმენიდანაც კარგად ახსოვს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მარიამ ცინცაძეს კიდევ ერთ-ერთი მოწილის  წილის მითვისებაში და ჩვენი ოჯახის სამსახურიდან გათავისუფლებაში ვადანაშაულებთ. ჩვენი ინფორმაციით, ამ ქალბატონს    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ეხმარება, რომლის დედა,  ნინო ცინცაძე ჩვენი სკოლის ესთეტიკური დარგის ხელმძღვანელია, მარიამ ცინცაძის ძალიან ახლობელი ადამიანია და ყველასთვის ცნობილია ლაშა ქოჩიაშვილთან მათი ახლო ურთიერთობა.

ჩემს ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ სკოლის დირექტორი და ამავე დროს, მეწილე მარიამ ცინცაძე სკოლიდან თანხა გამოაქვს და უკან აღარ აბრუნებს. კერძოდ, ცინცაძეს და მის რძალს, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა დანიშნულებით კომპანიიდან გატანილი აქვთ დაახლოებით 600 000 ლარი. ჩვენ ამ თანხის კომპანიაში დაბრუნებას ვითხოვდით. თუმცა, ეს დავაც წავაგეთ. მოსამართლე ქოჩიაშვილმა აბსოლუტურად უსამართლო და გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო ამ საკითხზე.

პარლამენტარმა მათიკაშვილმა ქოჩიაშვილს ამ დავის შესახებ კითხვა საპარლამენტო მოსმენისას დაუსვა, პასუხი ამომწურავი და დასაბუთებული ნამდვილად არ ყოფილა, მიმიკაზეც ეტყობოდა, რომ დაიბნა კიდეც...

მიუხედავად იმედგაცრუებისა, მჯერა, რომ შემდგომ პროცესებს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან მართლები ვართ და ყველა მტკიცებულება ხელთ გვაქვს.

იმედი მაქვს საზოგადოების მხარდაჭერის და უბრალოდ, სიმართლის დამტკიცების...

„პრაიმტაიმი“ შპს. სკოლა „სადუნის“ მეწილეს მარიამ ცინცაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ის სატელეფონო კომენტარს არ გააკეთებდა და გვირჩია, რომ სტატიის  გამოქვეყნებისგან თავი შეგვეკავებინა.

ადოვოკატის გარეშე ვერ დაგელაპარაკებით, დავა მიმდინარეობს და ვნახოთ. ჯერ ერთი ტელეფონით არ უნდა მიკავშირდებოდეთ, თუ დავა გაინტერესებთ, აქვე უნდა მოხვიდეთ“ - განაცხადა მარიამ ცინცაძემ.

მას შემდეგ რაც, შეხვედრის სასურველი დრო ვკითხე, მარიამ ცინცაძემ გაიმეორა, რომ დავა მიმდინარეობს და ვერაფერს იტყვის. ის დაინტერესდა რატომ მზადდებოდა ამ თემაზე სტატია და მისი მხრიდან ერთგვარი მუქარაც  „პრაიმტამის“ მისამართით.

„სტატია როგორც დაიბეჭდება, ისე გაეცემა მაგას პასუხი. ისე, იცოდეთ თქვენ, გირჩევთ მასე წინდაუხედავად ნუ მოიქცევით“ - აღნიშნა მარიამ ცინცაძემ.

„პრაიმტაიმი“ ნინო ცინცაძეს დაუკავშირდა, მან განმარტა, რომ ის უბრალოდ მარიამ ცინცაძის მოგვარეა და არანაირი ინტერესი მას არ აქვს, მით უფრო - ნინო ცინცაძის ქალიშვილს.