ვინ დაიკავებს პარლამენტში უმრავლესობიდან წასული დეპუტატების თანამდებობებს

12:42 11-20-2019
109

საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილება ვერსიები, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ის თანამდებობები, რომლებიც ამ დრომდე ვაკანტურია.

გავრცელებული ვერსიით, რომან კაკულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ირაკლი ბერაია კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჩაიბარებს.

რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, გიორგი კახიანი საუბრობს, რომ სოფიო ქაცარავას და ვანო ზარდიაშვილის ადგილს პარლამენტში თემურ გოცირიძე და ბენედიქტ ქაშაკაშვილი დაიკავებენ.

მისივე თქმით, საზოგადოება სულ მალე შეიტყობს, თუ ვინ დაიკავებს კონკრეტულად თანამდებობებს.

სამწუხაროდ, ამ თემაზე მსჯელობა მოგვიწია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უმრავლესობის რიგები დატოვა და შესაბამისად, თანამდებობები. ბუნებრივია, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიკავებს კომიტეტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერის თანამდებობებს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტითაც გარკვეულ ვადებში ვართ შეზღუდულები. ეს არის ერთკვირიანი ვადა, როდესაც უნდა გაცხადდეს უმრავლესობის ან ფრაქციების მიერ ვინ იქნებიან კანდიდატები დასახელებული. ზოგადად კონსულტაციები არის, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მომხდარა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, იგი ამას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ჩავარდა, პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა: თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვიმა  და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს.  

მოგვიანებით, გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.