გაქვავებული წიგნები - თელაველი მასწავლებლის ოქროსფერი გატაცება

18:42 11-16-2019
895

ძველმა წიგნებმა იდეა თვითონვე უკარნახეს და ისე განლაგდნენ, რომ მის ცხოვრებას სრულიად ახალი მიმართულება მისცეს. თელაველი ნინო მრელაშვილი თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ მტვრიანი და ფურცლებად დაშლილი წიგნები, ყველაზე საიმედო და საყვარელი მოკავშირეები გახდებოდნენ.

წიგნებს ვალაგებდი, ერთი ძველი წიგნი თაროდან გადმოვარდა და გადაშლილი დაეცა. მეორე წიგნიდან ამოვარდნილი ხატი კი, წიგნის შუაგულში ჩავარდა. ასე მიკარნახა თავად წიგნმა გადაშლილი, გაქვავებული წიგნის შექმნის იდეა- ყვება ნინო მრელაშვილი პრაიმტაიმთან.

წიგნის გასაკეთებლად საჭირო ტექნოლოგიის აღმოჩენას კარგა ხანი დასჭირდა. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მეთოდს თავადვე მიაგნო და ასე დაიბადა პირველი წიგნი- ხატი „იესო ქრისტე.

გაქვავების მეთოდის მისაგნებად, დიდხანს ვიწვალე. ძალიან ბევრი რაღაც ვცადე და როცა მივაგენი, პირველად „იესო ქრისტე გავაკეთე. პირველი ნამუშევარი მეუფე დავით ალავერდელს ვაჩუქე - ამბობს ნინო.

ასე, ერთმანეთის მიყოლებით, ფურცლებგაყვითლებული, ყდაგაქუცული წიგნებიდან, იბადებოდა თითქოს ოქროთი მოვარაყებული წიგნები მეფე თამარზე, რუსთაველზე, ერეკლე მეორეზე, საქართველოს პატრიარქზე, ქართულ ისტორიულ ძეგლებსა და ქართველ მამულიშვილებზე.

ოქროსფერი თითქოს სულში შემოდის და ადგილს იკავებს. გულში ჩამწვდომია საქართველოს ისტორიის, ქართველი მეფეებისა თუ წმინდანების ცხოვრებაც. ამიტომ შევუხამე ერთმანეთს ეს ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის კი, წიგნის მარჯვენა მხარეს, ინგლისურ ენაზე, მოკლედ ვაწერ, ამა თუ იმ ისტორიული ძეგლისა და გმირის დაუვიწყარ ამბებს. მხოლოდ ერთხელ გავბედე და წიგნი ჩემს შვილს, გიორგის მივუძღვენი მაშინ, როცა ის, პატრიარქმა მონათლა - ყვება ნინო მრელაშვილი.

ინგლისურის მასწავლებლის უჩვეულო ნაკეთობები მალე პოლულარული გახდა და ნინომ რამდენიმე გამოფენა- გაყიდვაშიც მიიღო მონაწილეობა. მისი შემოქმედების ნაყოფს აღფრთოვანებით ათვალიერებენ უცხოელი ტურისტები, ზოგიერთი მათგანი იყიდება კიდეც, მაგრამ თავად ავტორი თვლის, რომ ყველაზე საიმედო ადგილას, გაბრიელ ბერისათვის მიძღვნილი მისი ნამუშევარი მოხვდა.

დიდი ნაწილი გაჩუქებული მაქვს. ზოგი გაიყიდა კიდეც. თუმცა, იმდენი შრომა სჭირდება, იმდენ სულს ვდებ შიგ, რომ მერე აღარ მემეტება. წიგნებს უკავია ჩემი სახლის ყველა კუთხე და შვილებივით ახლობლები არიან. ყველაზე სწორი ადგილი კი,გაბრიელ ბერისათვის მიძღვნილმა წიგნმა დაიკავა და სამთავროს მონასტერში, მის მოსასვენებელშია მოთავსებული. ეს ფაქტი ძალიან მახარებს - ამბობს ავტორი.

ნინო მრელაშვილმა ხატვა არ იცის, სახელოვნებო მიმართულებით არც სპეციალური განათლება აქვს, მაგრამ ამჟამად მინანქრისა და თექის ხელოვნებითაც გატაცებულია. საკუთარ სახელოსნოსა და პატარა სასწავლო ცენტრზე ოცნებობს, სადაც მისთვის საყვარელი გადაშლილი წიგნების დამზადების ხელოვნებას სხვებსაც გაუზიარებს.

მანამდე კი, თელაველი მასწავლებელი, როგორც თავად ამბობს, ყველა წიგნით საქართველოს ისტორიას ყვება, მინანქრისა და თექის ყველა ნაკეთობით, ქართული ზეცის ფერებს ქარგავს და საკუთარ შემოქმედებას ხატებად კინძავს. უჩვეულო საავტორო ნამუშევრებს, ოქროსფერ წიგნებსაც ასე ჰქვია - „გადაშლილი წიგნი - ხატი“

 

 

ავტორი; ხათუნა გულიაშვილი