„ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს“ - ივანე მაჭავარიანი

20:40 11-15-2019
61

დღევანდელი შეხვედრა ბიუჯეტთან დაკავშირებით იყო. მე პარლამენტარებს შევთავაზე, რომ ინტენსიური დიალოგი გაგვეგრძელებინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სულ რამდენიმე კვირაა, რაც შედგენილია ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტები. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დეპუტატების მხრიდან ის კომენტარები, რაც მათ ჰქონდათ წარდგენის პროცესში პარლამენტში და ვთხოვეთ, რომ ეს კომენტარები და მათი მოსაზრებები ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განგვეხილა.

ნებისმიერ შემთხვევაში, რა სისტემითაც ჩატარდება 2020, ან 2024 წელს, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს. ეს არის ყველაზე მთავარი ამოცანა. პოლიტიკური პერიპეტიები იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ალბათ მომავალშიც იქნება, თუმცა მთავარია, სახელმწიფომ თავისი ძირიანი ფუნქციები ეფექტურად და დროულად შეასრულოს“, - ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.

„მე მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს ის პლატფორმა, რასაც პარლამენტი ჰქვია, სადაც ყველა საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. მე არ მჯერა, რომ საკით​ხები უნდა განიხილებოდეს ქუჩაში“, - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

„ოცნების“ ოფისში იყვნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერები - თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.