დღემდე კოშმარად მახსოვს... - ნაზი ჯანეზაშვილის პირადი ისტორია, რომლის შესახებაც ჯერ არ უსაუბრია

12:36 11-15-2019
25716

დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალია პროფესიულ საქმიანობაში. როგორც თავად ამბობს, გაიზარდა ოჯახში, სადაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სიყვარულისა და ურთიერთთანადგომის დეფიციტი. იცხოვრა კასპში, თბილისში, ვარშავაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ყველაზე ტკბილად სოფელში, ბებიასთან გატარებული პერიოდი ახსენდება.

ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი დათო გამისონია და ორი შვილი: ხუთი წლის ზურა და ხუთი თვის ქრისტინა. არ უყვარს სიურპრიზები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პირად საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს.

„თბილისში დავიბადე და გარკვეული პერიოდი აქ ვიცხოვრე, მაგრამ შემდეგ ბებიას ავადმყოფობის გამო მთელი ოჯახი სოფელ დოესში (კასპის რაიონში) გადავედით. სკოლაშიც იქ შევედი. ეს ულამაზესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. საოცრად თბილ და კეთილგანწყობილ საზოგადოებაში მიწევდა ყოფნა. თბილისში 90-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდით და აქ გავაგრძელე სკოლაში სწავლა. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორი რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩემს ოჯახს სხვებზე კიდევ უფრო მეტად უჭირდა. დედა საკონდიტროში მუშაობდა, მამა დღემდე ტაქსის მძღოლია. ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე ერთი წლით უმცროსია, ავტომანქანების ხელოსანია. დღეს ის ოთხი შვილის მამაა. იძულებული ვიყავი, არცთუ ე.წ. პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მიმეღო იურიდიული განათლება. თუმცა ამას ნამდვილად არ დავჯერდი, უდიდესი ძალისხმევა მოვიკრიბე და ძალები არ დავზოგე, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი. ჩემი ოჯახის ყოფითმა პრობლემებმა მეტი მოტივაცია მომცა, რომ მებრძოლა. თავდაპირველად დავიწყე სტაჟირება იურიდიულ ფირმაში, ხოლო შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში. სხვათა შორის, პირველ ცდაზე ვერ მოვხვდი, მეორე წელს წარმატებით გავიარე კონკურსი და მიმიღეს. მართალია, ხელფასი არ მქონდა, მაგრამ იდეალური სამსახური იყო დამწყები იურისტისთვის. შემდეგ ადმინისტრატორის ვაკანსია გამოჩნდა, ისევ გავიარე კონკურსი და ისევ ხელფასის გარეშე გავაგრძელე მუშაობა... მუშაობის პარალელურად არ მეზარებოდა, დაუსრულებლად ვავსებდი უცხოური სასწავლებლების აპლიკაციებს. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მეორე წელს დაფინანსება მოვიპოვე და ვარშავის უნივერსიტეტში მოვხვდი. ზუსტად აგვისტოს ომის შემდეგ მომიწია ვარშავაში წასვლამ.

...ნიუ-იორკში წასვლამდე გარდამეცვალა ბებია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა. სწორედ მისი გასვენების დღეს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 აპლიკანტი აირჩიეს და მათ შორის მეც. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ ამერიკა კიდევ სხვა, რაღაც განსაკუთრებული აღმოჩნდა.
 ოჯახი
„დათო არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვუგებ. საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს...“

„ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი ჩვენი ოჯახის წევრებმაც კი არ იციან. ეს ჩვენი, ორის საიდუმლოა. შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიული საქმიანობისას არ შევხვედრივართ ერთმანეთს. როდესაც დათო გავიცანი, საჯარო პირი არ ვიყავი, ის ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდა. ახლა ცნობილი გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია. ეს არის ადამიანი, რომლის ხელშეწყობითაც ბევრ რამეს მივაღწიე“..
„გაცნობის დღიდან მივხვდით, რომ დანარჩენი ცხოვრება ერთად უნდა გაგვეტარებინა. ჩვენ მხოლოდ ღირებულებები და შეხედულებები კი არ გვაქვს ერთნაირი, ერთმანეთის წარსულს, ოჯახს განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, თანავუგრძნობთ. დათოს ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს, ის აფხაზეთიდან დევნილია. მისმა ბაბუა-ბებიებმა ოჯახები არ დატოვეს და გალში დარჩნენ. ერთ-ერთი ბაბუა ზუსტად ერთი წლის წინ, მარტში გარდაიცვალა. ჩემი მეუღლე და მაზლი ძალიან დიდი რისკის ფასად გადავიდნენ გალში და მხოლოდ ერთი დღე მოახერხეს იქ დარჩენა. დათოს ბაბუა ხუთი წლის უნახავი ჰყავდა და ძალიან განიცადა ეს ამბავი. სხვათა შორის, მე მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მეტი ვერ მოვასწარით, მხოლოდ სატელეფონო საუბრებით შემოვიფარგლებოდით. დღეს ერთი ბებია დაგვრჩა გალში. ჩემი დედამთილი ხანდახან ახერხებს მასთან წასვლას, მაგრამ სულ სტრესულ მდგომარეობაშია, არ იცის, მოახერხებს თუ არა იქიდან უვნებლად დაბრუნებას. წელიწადში ერთხელ ბებია აქეთ გადმოგვყავს. სამეგრელოში, აბაშის რაიონში, სოფელ მარანში ერთი მიტოვებული სახლი შევიძინეთ, გავარემონტეთ და ზაფხულს იქ ერთად ვატარებთ. როდესაც ბებიას დასახვედრად ენგურის ხიდთან მივდივართ, ჩემი ხუთი წლის შვილი ყოველთვის მიგვყავს. მან უკვე იცის, რა ხდება იქ, რატომ ვერ მივდივართ ჩვენს მამაპაპისეულ სახლში...“

...
„ყველაზე საშინელი ის პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს მონტანას უნივერსიტეტში გამოცხადებულ კონკურსში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, საქართველოდან მხოლოდ მე მომეცა მონტანას უნივერსიტეტში სწავლის საშუალება. პროგრამის მიხედვით, მხოლოდ 5 თვის შემდეგ მქონდა ქმარ-შვილის ჩაყვანის უფლება. ჯამში დაახლოებით 35-საათიანი მგზავრობა დღემდე კოშმარად მახსოვს, ცრემლი არ შემშრობია თვალზე. მხოლოდ ის მამშვიდებდა, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელში იყო. ჩემი ქმარ-შვილი რომ ჩამოვიდა ამერიკაში, მე უკვე ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ჩვენი ოჯახისთვის ძალზე საინტერესო ეტაპი დაიწყო. დილით მე მივდიოდი უნივერსიტეტში და დათო ბავშვს უვლიდა, მე რომ ვბრუნდებოდი სახლში, დათო მიდიოდა სპეციალურ კურსებზე. მერე ნელ-ნელა ავეწყვეთ, დავლაგდით, მე უკვე ძალიან საინტერესო სამსახური მქონდა. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, რომელიც სასამართლო რეფორმებზე მუშაობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც იუსტიციის საბჭოები იქმნებოდა. მე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანასთან, მაროკოსთან, ბანგლადეშსა და ბარბადოსთან ვთანამშრომლობდი. ერთ გუნდში ვიყავი ამერიკელ მოსამართლეებთან, სასამართლოს მენეჯერებთან და ექსპერტებთან. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე“...

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომეწონა პოლონეთში ცხოვრება, ამერიკაზე ხომ აღარ ვლაპარაკობ, მაინც არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ჩემი სახლი საქართველოში იყო. მართალია, აქ დაუცველობის განცდა, მომავლის შიში, დაძაბული დღის წესრიგი მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ჩემი შვილები უნდა გაიზარდონ“.