რუსთავში სასტუმროს მესაკუთრე და მენეჯერი ნომრებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ

09:50 11-02-2019
461

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დაკავებულია სასტუმრო „სელიკის“ მენეჯერი - 1971 წელს დაბადებული ხ.ბ. და სასტუმრო „თამადის“ მესაკუთრე - 1964 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ხოლო 1966 წელს დაბადებული დ.ხ., 1963 წელს დაბადებული დ.თ. და 1960 წელს დაბადებული ი.ჭ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასტუმროებში გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ნომრებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.

პოლიციამ სასტუმროებში მომუშავე ქალები მოწმის სახით გამოკითხა.

შსს-მ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის არაერთგზის გადაცემის ფაქტებზე დაიწყო.