პატიმარი ამბობს, რომ 14 დღეა თერმომეტრი აქვს გადაყლაპული

16:36 11-01-2019
146

პატიმარი ამბობს, რომ ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად, 14 დღის წინ, სიცხის საზომი თერმომეტრი გადაყლაპა. ამის შესახებ წერია წერილში, რომელიც ილვარ ფეიკიევიმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნა. პატიმარი ყვება, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ექიმებს არ ენდობა და სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. ასევე წერს, რომ არ ყავს მშობლები, ბაბუა კი,  გარდაბნის რაიონიდან მასთან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. აღნიშნული მოტივით პატიმარი სამინისტროს სთხოვს, ნომერ მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანონ. 

„ნომერ მესამე დაწესებულებაში უკვე 14 დღეა მაქვს გადაყლაპული პროტესტის ნიშნად სიცხის საზომი თერმომეტრი. მიზეზი ის არის, რომ უკვე ერთი წელია ვიმყოფები ბათუმის ციხეში. არაერთხელ ვთხოვე სამინისტროს  ჩემი გადაყვანა მოხდეს ნომერ მეექვსე ან მეშვიდე დაწესებულებაში, რადგან ჩემებმა ჩამოსვლა მოახერხონ. ჩემი ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს  და ვერ ახერხებენ ჩემთან ბათუმში ჩამოსვლას. ბაბუა მყავს მხოლოდ, მშობლები არ მყავს.  ამასთან უნდობლობას ვუცხადებ, მესამე დაწესებულების ექიმებს, ასევე ქალაქ ბათუმის საავადმყოფოში არასათანადოდ მექცევიან, ყურადღებას ვითხოვ, რათა გადაყვანა მოხდეს ნომერ 18 სამკურნალო დაწესებულებაში. ვარ საოპერაციო და არ ვენდობი ამათ. გამოვაცხადებ შიმშილობას. გთხოვთ აღნიშნული გააშუქოთ, რადგან არავინ ყურადღებას არ მაქცევს“ - აღნიშნულია წერილში, რომელიც მაუწყებელმა დღეს ფოსტით მიიღო. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მოკვლევას დაიწყებენ.