გაიცანით, ყველაზე უხუცესი მეეზოვე ქუთაისიდან - ვიდეო

12:50 11-01-2019
143

თამილა ქობულაძე - ქუთაისში 205 მეეზოვეთა შორის ყველაზე უხუცესია. ამბობს, რომ საქმე მას არ ღლის და ქალაქის დასუფთავებაში წვლილის შეტანა მისთვის სასიხარულოა.

„პირიქით, დილით ადრე ადგომა უფრო მიხარია, რა დამღლის ბებო“, - გვიყვება 79 წლის მეეზოვე ქუთაისიდან. მისთვის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება. თუმცა, იმისათვის რომ დანიშნულების ადგილზე დროულად იყოს 6 საათზე დგება.

ამბობს, რომ ზუსტად ერთი საათი სჭირდება, დილით მომზადებას და სახლიდან ლომონოსოვის ქუჩაზე მისვლას. ეს კი, ის ქუჩაა, რომლის ნაწილის დასუფთავება ევალება.

„დილით, მშვენიერი კარგი ჰაერია, თანაც ულამაზესი ადრიანად ჩვენი ქალაქი“, - ამბობს თამილა ქობულაძე.

უხუცესს მეეზოვეს სპეციალური ფორმა და ცოცხი ადგილზე ხვდება, მისი მორგების შემდეგ კი, ზუსტად ერთი საათი სჭირდება ტერიტორიის მოწესრიგებას. მაგრამ ამბობს, რომ სამუშაოს  დილით 9-ის ნახევარზე ამთავრებს თუმცა, ამბობს რომ ადგილს მანამდე არ ტოვებს, ვიდრე შემდეგი ცვლის მეეზოვე არ მოვა.

თამილა ქობულაძე პროფესიით სავაჭრო საქმეებს ფლობს. ამბობს, ამ მიმართულებით 30 წელზე მეტი იმუშავა. ცოტა ხანში სახლში ყოფნა მოუწია, ხოლო 2012 წლიდან ქალაქს ყოველ დილით ასუფთავებს.

„ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არასწორ ადგილზე დაგდებულ ნარჩენზე ბრზადებიან, მაგრამ მე არ ვბრაზდები, თუმცა, ყველამ რომ მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და გარემოს ეს უკეთესი იქნება“, - ამბობს მეეზოვე.

ის ამბობს, რომ საქმეს სიყვარულით აკეთებს და არა თვის ბოლოს, სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული ხელფასის ხათრით.

„ყველა საქმეს სიყვარული სჭირდება ბებო, - ამბობს თამილა ქობულაძე.

ქუთაისში მეეზოვეები ორ ცვლაში მუშაობენ, დილის 7 საათიდან 9 ის ნახევრამდე, და საღამოს ხუთი საათიდან 6 საათამდე. ქუთაისის ააიპ სპეციალურ სერვისებში , რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის დასუფთავებაზე, ამბობენ, რომ ჰყავთ ე.წ. ოპერატიული მეეზოვეები, რომელთა სამუშაო განისაზღვრება დილის 11 საათიდან 5 ის ნახევრამდე. ქუთაისში მეეზოვეებიის საშუალო ხელფასი 500 ლარამდეა.