„მივიწყებული ვარ... მგონი, ამ მოლოდინში მოვკვდები“ - იუბილარი გოგოლა კალანდაძის სენტიმენტები

18:25 10-30-2019
3176

გოგოლა კალანდაძე იუბილარია. მსახიობი 44 წლის გახდა. ოთხი შვილის დედა თავს ემოციურად დატვირთულად და ბედნიერად გრძნობს, თუმცა დედისთვის დამახასიათებელი სენტიმენტები აქვს მოძალებული. „განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი დაბადების დღე - ყველაზე ბედნიერად თავს ამ დღეს ვგრძნობ“ – „პრაიმტაიმს“ ემოციებს უზიარებს იუბილარი.

ყველა და მათ შორის ის სამი რესპონდენტი, ვინც გოგოლასთან დაკავშირებით ჩავწერე, აღნიშნავს ერთს - გულდასაწყვეტია, რომ არ ჩანს და მისი რესურსი ათვისებული არ არის. 

გოგოლა კალანდაძე: - მეც გული მწყდება, მაგრამ არ მაქვს შემოთავაზებები. ადრე უფრო განვიცდიდი ამას. ახლა უკვე ბავშვები წამოიზარდნენ და მეტი დრო მაქვს, რომ ვაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს. მე სხვა საქმე არ ვიცი და არც მეხერხება. ვიცი, რომ ჩემი საქმე არის არტისტობა, მაიმუნობა და კიკაობა... ბოლომდე შეყვარებული ვარ ჩემს საქმეზე. ეტყობა, მივიწყებული ვარ, რა ვიცი... არ მქონია შემოთავაზება. თავს იმით ვიწყნარებ, რომ ფილმებს აღარ იღებენ იმდენად, რეჟისორების დეფიციტიც არის. იქნებ ასაკში ისევ გავიელვო. მე მგონი ამ მოლოდინში მოვკვდები (იცინის). 

- გოგოლა, მორიელის თვისებებიდან რა გაქვთ?

- ყველაფერი (იცინის).

- ორი კატეგორიიდან რომელი ხართ - ერთი თავს იშხამავს, მეორე სხვას შხამავს.

- როცა მშხამავენ, მაშინ ვშხამავ. ისე ძალიან მოსიყვარულე და ერთგული ვარ. მორიელს ინტუიცია აქვს ძალიან განვითარებული. მაშინვე ვგრძნობ, ვინ როგორი განწყობითაა ჩემდამი. ისე ვექცევი, როგორც მექცევიან. ბოროტება არ შემიძლია, ენით შემიძლია გავამწარო.

- ამ ასაკმა რა განწყობა მოგიტანათ?

- ქალობაში შევდივარ და მომწონს. დედა და ოჯახის წვერები ისე მანებივრებდნენ, რომ სულ ბავშვი ვიყავი მეგონა. დედის გარდაცვალების შემდეგ ასაკის მატება ვიგრძენი. პასუხისმგებლობები მომემატა და მივხვდი, რომ ქალი ვარ. დედა იმდენად კარგი დედა იყო, რომ მინდა ცოტათი ვგავდე. ეტყობა,  გენეტიკურია და მეც გიჟური დამოკიდებულებები მაქვს. სამი გოგო და ერთი ბიჭი მყავს. და ბიჭზე ვფიქრობ, ერთხელ მაინც ხომ უნდა გაილახოს და ამაზე ფიქრი ცეცხლს მიკიდებს. მგონია, ქვეყანას შევძრავ. 

- ოთხი შვილის დედობა როგორია?

- დიდი პასუხისმგებლობაა. მენერვიულება, მეფიქრება, მედარდება... დედასავით მაინც არავის უყვარხარ. ვფიქრობ იმაზე, რომ აღარ ვიქნები, როგორ იქნებიან ჩემი შვილები. მეფიქრებიან, მედარდებიან და მეცოდებიან. ყველაფერზე ვფიქრობ. ასაკის მატებასთან ერთად სიკვდილზე მეფიქრება. 

- ბენიერება რა არის?

- ადამიანი ბედნიერებას თვითონ იქმნის. არავინ თქვას, იღბალი არ აქვსო. შენ უნდა მართო საკუთარი იღბალი. ბედნიერებაა ჩემი შვილები. ბევრი რამაა ცხოვრებაში, რაც ბედნიერად გაგრძნობინებს თავს. მადლობა რომ მომილოცეთ, ტკბილად გამესაუბრეთ და გამაბედნიერეთ. 

„ჩემი შვილობილი მგონია“

გოგოლა რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის აღმოჩენაა. „სახლი ძველ უბანში“ 90-იანი წლების ძალზედ პოპულარული ტელე-სერიალი იყო. რეჟისორი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, როგორ იპოვა 17 წლის გოგოლა... 

ავთანდილ ვარსიმაშვილი: - სერიალისთვის ქასტინგი ჩავატარეთ, რომელშიც ბევრი გოგო მონაწილეობდა. რამდენიმე გამოკვეთილი კანდიდატურა გვყავდა. თუმცა გოგოლა შემოვიდა თუ არა ოთახში, ყველას მოგვეწონა. მივხვდით, რომ ეს ის გოგოა, რომელსაც ასე დიდხანს ვეძებდით. მახსოვს, სერიალის მხატვარმა - თამრიკო ფოცხიშვილმა თქვა, დისნეის ბემბის გავსო. ასეთი გოგო გვინდოდა. ცოტა ხანში შეგვიყვარდა. შესანიშნავი მსახიობია და ადამიანური თვალსაზრისით, ყველაზე კარგი ადამიანი, ვინც კი შემხვედრია.

17 წლის იქნებოდა მაშინ. მიხარია, რომ მის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ჩემი შვილობილი მგონია, რომლის ცხოვრებაში დიდი როლი ვითამაშე. გული მწყდება, რომ არ ჩანს. სიამოვნებით მივიღებდი ჩემთან თეატრში და ვამუშავებდი, მაგრამ მას არ უნდა თეატრში. ჩვენთან კიდე კინო სათანადო დონეზე არ მუშაობს. ამიტომ არ ჩანს, თორემ გოგოლა დაბადებულია იმისთვის, რომ იყოს ვარსკვლავი და ეკრანიდან ჩვენი სულები გაანათოს.

„იმედი მაქვს კიდევ გაიელვებს“

მალხაზ ქვრივიშვილის და გოგოლას წყვილი სათავეს სერიალიდან - „ძილის წინ“ იღებს. სერიალი თავისი პერსონაჟებით, სცენარით და სცენებით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოგვიანებით „მზეზე“ გაგრძელდა სახელწოდებით „არაჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი 110“, ბოლოს კი ისევ  „პირველ არხზე“ - „კაბარე 5 ვარსკვლავი.“

მალხაზ ქვრივიშვილი: - გოგოლას სტუდენტობიდან ვიცნობ,  ის სტუდენტი რომ იყო და მე უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი. ვგიჟდები ამ ადამიანზე. ჩემი სისხლი და ხორცი მგონია. ორივე ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ. სულ პარტნიორები ვიყავით, წამყვანებიც. შეხმატკბილებულები და შეთამაშებულები ვართ. პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობთ.

სერიალში „ძილის წინ“ რომ აღმოვჩნდით, არც ვიცოდით საით წავიდოდა, რა ჟანრში. თეატრის რეჟისორებს არ უყვართ ტელევიზიით მსახიობების გამოჩენა. დედ-მამის როლს რომ მედეა ჩახავა და იმედა კახიანი თამაშობს და მეუღლისას გოგოლა, უკვე ძალიან მაგარია! მერე ეკა კახიანი, ია ფარულავა, დიმა ჯაიანი და ალეკო მახარობლიშვილი შემოგვიერთდნენ. იმპროვიზაციების დიდი საშუალება გვქონდა. თავისუფლება იყო. ბევრ რამეს ვთავაზობდით რეჟისორს. 

მინდა ჩემი გოგოლა ბედნიერი და წარმატებული იყოს. ხალხს როგორც აქამდე უყვარდა, ისევე უყვარს დღესაც. გული მწყდება, რომ ასეთი კარგი არტისტი ეკრანზე არ ჩანს. იმედი მაქვს კიდევ გაიელვებს. 

„ასი წელი მეგობრები ვიქნებით“

სერიალის „ძილის წინ“ ერთ-ერთი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გახლდათ. თუმცა გოგოლას და ბასას მეგობრობა გაცილებით ადრეული ასაკიდან იწყება. 

ბასა ფოცხშიშვილი: - მე და გოგოლა დიდი ხნის მეგობრები ვართ. მე მისი მეჯვარე და უფროსი შვილის ნათლია ვარ. ჩემი ცხოვრების ნაწილია. მინდა მისი გარეგნობით აღფრთოვანება გამოვხატო. სილამაზე ტალანტია. ოსკარ ვაილდი ამბობს, სილამაზე ღვთით ბოძებული რამაა, რომლითაც ყველა აღფრთოვანდება და რომელსაც გაგებაც კი არ უნდაო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, გოგოლას გადაღება დიდი სიამოვნებაა. დახვეწილი გარეგნობა აქვს. კეთილია და ფაქიზი ბუნების ადამიანია. გადაღებებზე სხვას რომ ვერ ვეჩხუბებოდი, გამეცინებოდა, გოგოლა-მეთქი დავუყვირებდი, როგორც ჩემს მეგობარს - ნუ მაცინებ-მეთქი და გოგოლას წყინდა. 

საოცარი პლასტიკა აქვს. კლიპში „ვაგონი მიქრის“ შეუდარებელია, როგორ მოძრაობს. ანათებს. 

საოცარი გოგოა, საოცარი შვილები ყავს. გული მწყდება, რომ გოგოლა, როგორც მსახიობი, ისე არ არის გამოყენებული, როგორც უნდა იყოს. პროექტს ვაპირებ, ჯერ ვერ გამოდის, მაგრამ პირველი მას დავურეკე. მასთან მუშაობა მენატრება. ძალიან მიყვარს, ძალიან. მასაც ძალიან ვუყვარვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ასი წელი მეგობრები ვიქნებით.

 

ავტორი: თამარ გონგაძე