21 წლის ქალმა, ქმრისგან მიყენებული შეურაცხყოფების გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ინდოეთი)

14:59 10-30-2019
1387

21 წლის ინდოელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის ინფორმაციით, ამის მიზეზი მისი ქმრის დამოკიდებულება გახდა. 

21 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში მის ქმარს ადანაშაულებს გარდაცვლილის მამაც.

რაჯასტანის შტატის პოლიციამ BBC-ს განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალს თავისი მეუღლე, მისი კანის მუქი შეფერილობის გამო გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა. სამართალდამცველები აღნიშნულს გარდაცვლილის მამის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე აცხადებენ.

მართალია გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ქმარს ადანაშაულებს, თუმცა პოლიციას იგი ჯერ არ დაუკავებია. ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება თავად მეუღლესაც ჯერ არ გაუკეთებია.

ასეთი შემთხვევა ინდოეთში პირველი არაა. 2014 წელს 29 წლის ქალმა, ანალოგიური მიზეზის გამო მოიკლა თავი. 2018 წელს კი 14 წლის გოგონამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან მას კლასელები კანის მუქი შეფერილობის გამო დასცინოდნენ.

ინდოეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღია ფერის კანი უფრო ლამაზია და ასეთი ადამიანები კანის მუქი შეფერილობის მქონე ადამიანებზე აღმატებულები არიან. ამის გამო, არაერთი ინდოელი მიმართავს კანის გათეთრების სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს, რაც ხშირად ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ავტორი: მარიამ გიგანი