ის არ გავდა ფხიზელ ადამიანს - მამა ანდრია სარია მეუფე იაკობზე

22:48 10-29-2019

გადაცემა „რეაქციაში“ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა ანდრია სარიამ, ბოლო პერიდოში საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, 31 ოქტომბერს ჩანიშნულ სინოდის სხდომასა და უკვე ყოფილ ქორეპისკოპოსზე ისაუბრა.   

„ჩვენ მღვდელმთავრები, მრევლი და საზოგადოება ვითხოვდით, რომ სინოდი დანიშნულიყო. ჩემთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, თუმცა ამ დიდი ყრუ - დუმილის შემდეგ, ერთის მხრივ სასიხარულოცაა, რომ კიდევ ერთი სიმართლე შეემატება და ახალს მაინც იტყვიან ეკლესიის წევრები. ნებისმიერი სინოდის სხდომის დანიშვნა, პატრიარქის პირადი გადაწყვეტილებაა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე აუცილებლად დაესწრება 31 ოქტომბერს ჩანიშნულ სინოდს. რაც შეეხება პატრიარქის უკვე ყოფილ ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობმა საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. საპატრიარქომაც იდენტური განცხადება გაავრცელა, მაგრამ ბევრი კითხვები გაჩნდა. იმდენს ამბობენ და იმდენია უნდობლობა, მით უფრო საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან...

მეუფე იაკობმა ბევრი ტყუილი ილაპარაკა. თუ ის ფხიზელი იყო როგორც ამბობს, რაშიც ჩვენ ეჭვი გვეპარება, არ ვიცი. მისი სკანდალური სატელეფონო ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე დღეში იგივე კვლავ დაადასტურა, მაგრამ მისი საუბრის მანერები, რომ შევაფასოთ, ის არ გავდა ფხიზელ ადამიანს, რაც ორმაგად დიდი სასჯელია სასულიერო პირისთვის. მის გინებაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, ვითომც არაფერი. “ - განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა ანდრია სარიამ.

                   რა უძღოდა წინ სინოდის სხდომის დანიშვნას

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. 

სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.