მე რა ვქნა მითხარით? - ერთსაც ვუსმენ და მჯერა, მეორესაც ვუსმენ და მჯერა - მეუფე ანტონი სკანდალურ განცხადებებზე

21:30 10-29-2019
1

ათი დღე არ გახლდით საქართველოში, თქვენგან ვგებულობ ყველაფერს, არ ვყოფილვარ საპატრიარქოში,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა „TVპირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო სინოდის სხდომის დანიშვნა.

„სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი სინოდის სხდომის დანიშვნას, თუმცა ეს უწმინდესობის გადაწყვეტილებაა. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება. ათი დღე არ გახლდით საქართველოში, თქვენგან ვიგებ ყველაფერს, არ ვყოფილვარ საპატრიარქოშიც. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. 25 დეკემბრისთვის ველოდებოდით სინოდის შეკრებას. ეს არაფერს ნიშნავს, ადრე იქნება თუ გვიან, თუმცა ფაქტია, რომ საკითხები დაგროვილია“, - აცხადებს მეუფე ანტონი.

მიტროპოლიტი პატრიარქის ქორეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მეუფე იაკობის ასეთი განცხადებები. მის მკვეთრი განცხადებები მღვდელმთავრებისთვისაც და საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა მათი შინაარსობრივი განხილვისგან თავს შევიკავებ, რადგან ისინი ბევრ კითხვებს აჩენენ. მე რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო მეუფის ნათქვამში!? ადამიანი ცხადად საუბრობს. ასევე ვერც ეჭვს შევიტან მეორე მხარეში, რომელებიც ამბობენ რომ ასე არ იყოო. არის ორი მხარე, ერთი მხარე ამბობს ასე იყოო, მეორე მხარე ამბობს ასე არ ყოფილაო. მე რა ვქნა მითხარით? ერთსაც ვუსმენ და მჯერა, მეორესაც ვუსმენ და მჯერა. ამ ყველაფერზე ზეგ შეიძლება საუბარი როდესაც სინოდი დასრულდება. ფაქტია, რომ რაღაც იყო. მეუფე იაკობი ამბობს, რომ რაზეც მან ისაუბრა, ეს ინფორმაცია პატრიარქსაც მიაწოდა. ალბათ პატრიარქიც იტყვის ასე იყო თუ არა. სინოდზე შეკრებაზე გავიგებთ ყველაფერს. - ამბობს მეუფე ანტონი.

შეგახსენებთ, რომ  სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში განცხადება მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა.

სწორედ სინოდის სხდომაზე გაირკვევა დაიწყება თუ არა ეკლესიის წიაღში ბოლო დროის მოვლენებზე მსჯელობა. მანამდე კი მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ, სადაც ისაუბრა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. 

სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.