სინოდის სხდომის ჩატარების თარიღი ცნობილია - საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო

19:49 10-29-2019
410

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ამ წუთებში საპატრიარქოში განცხადებას მიქაელ ბოტკოველი აკეთებს.

მისი თქმით, სწორედ სინოდის სხდომაზე გაირკვევა დაიწყება თუ არა ეკლესიის წიაღში ბოლო დროის მოვლენებზე მსჯელობა. მანამდე კი მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად.

„ზეგ, 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მე, როგორც უწმინდესი წარმომადგენელი, მისი კურთხევით ვაკეთებ ამ განცხადებას. მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება. მან გადაიხადა ფასი გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის გადაგომის შესახებ, ეს სიცრუეა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

                  რა უძღოდა წინ სინოდის სხდომის დანიშვნას

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. 

სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.