რა რეაგირება მოჰყვა საბავშვო ბაღში ბავშვების იატაკზე წოლას

16:55 10-29-2019
42

დარჩელის საბავშვო ბაღის სამი თანამშრომლის მიმართ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში განუცხადეს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნის შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამო, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისთვის, დარჩელის #1 ს/ბაღის გამგეს ინეზა ქობალიას, აღმზრდელის მ/შ ლელა მაქაცარიასა და აღმზრდელის თანაშემწეს ნათია ნაჭყებიას დაეკისრა შემდეგი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა,“- აცხადებენ ცენტრში.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში 25 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში, ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ.

მერიის შიდა აუდიტის და ინპექტირების სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ დადგინდა, რომ დარჩელის საბავშვო ბაღმა დაარღვია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მეხუთე პუნქტი. დასკვნაში განმარტებულია, რომ ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების, ასევე ჩაშენებული ერთ, ან ორსართულიანი საწოლების გამოყენება.

„შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბაღის თანამშრომლების მიმართ გამოიყენონ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, - ნათქვამია ინსპექტირების დასკვნაში.

ვიდეო გასულ თვეს ერთ-ერთი აღმზრდელის ბიძამ, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში ბრალდებას უარყოფენ, თითქოს პატარებს იატაკზე აძინებენ. ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის თქმით, ეს არის აქტიური თამაშების შემდეგ პატარებისთვის მოსვენების კუთხე. ამასთან ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ბაღს არ აქვს საძინებელი და მოზარდებს დღის საათებში ვერ აძინებენ.

ავტორი: თეა შონია