დასახელდა პირი, ვის სახელსაც შესაძლოა საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა უკავშირდებოდეს

11:18 10-29-2019
9076

საქართველოში ასეულობით საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან შესაძლოა რამდენიმე დღის წინ საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი იდგეს. ამის შესახებ განცხადება სუმბაევის ყოფილმა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ გააკეთა.

თოდუა ვარაუდობს, რომ ჰაკერებმა მათი თანამოაზრის რუსეთისთვის გადაცემა, სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს. 

„მისი შესაძლებელობები ვიცი, ის საქართველოს თავისუფლების სანაცვლოდ დახმრებას ჰპირდებობდა, მაგრამ ჩვენ მისი გადაცემით დიდი შეცდომა დავუშვით. ეს არის ის ადამიანი, რომელაც ერთ დღეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ისწავლა“, - ამბობს ადვოკატი.

თოდუა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდეს. 

 

სუმბაევის მეგობრებმა საქართველოზე კიბერომი განახორციელეს და მილიონობით ზარალი უკვე მოგვაყენეს. ეს ხილული ინფორმაციაა, რაც ამჟამად ცნობილია სპეცსამსახურებისთვის, მაგრამ როგოროც სპეციალსტები ხსნიან,მას მოყვება, არახილული ინფორმაციები, რომელიც რამდენიმე დღეში, შეიძლება ყოველდღიურად წამოტივდივდეს სხვადასხვა სფეროებში. ეს უთითებს იმაზე, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა, როდეაც ასეთი ადამიანი ჩვენი ინტერესებისთვის არ გამოიყენა“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით საქართველოდან რუსეთში იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება 24 ოქტომბერს განხორციელდა.  

სუმბაევი თბილისში გასული წლის ნოემბერში დააკავეს და წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდეს. 

რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰაკერს კიბერსივრცეში „Хулиган из питера“-ს სახელით იცნობენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ის კიბერსამყაროში საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურად ითვლება. 

2015 წლიდან რუსეთის ფედერაციამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, 2018 წლის ოქტომბერში კი მისი სახელი გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობასაც დაუკავშირდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შიშკინა სწორედ იმ კიბერდანაშაულს იძიებდა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი სწორედ იაროსლავ სუმბაევია და რა ბრალდებითაც ის 3 წლის განმავლობაში წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 

ითქვა, რომ გამომძიებელი საკუთარ სახლთან მას შემდეგ მოკლეს, რაც სუმბაევის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. მათ შორის კავშირები რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებულ სამ პირთან, რომელთაც კიბერდანაშაულისა და თაღლითობის ბრალდებით ასამართლებენ. 

2015 წლიდან ძებნილი იაროსლავ სუმბაევი თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ის დოკუმენტაციის გაყალბების, გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით). 

დოკუმენტაციის, კერძოდ, პასპორტის გაყალბების ფაქტს დაკავებული არ უარყოფდა და ამბობდა, რომ საქართველოს საზღვარი სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციით გადმოკვეთა. 

წინასაექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დროს სუმბაევმა ადვოკატის მეშვეობით საქართველოს პროკურატურას პოლიტკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. წერილის ადრესატი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძეა. წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს სფართხე დაემუქრებოდა. სუმბაევის ადვოკატი კი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის მიერ იდევნება. საუბარია ვლადიმირ იაკუნინზე, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, აკონტროლებს მთელ რუსეთის რკინიგზას, ხოლო მკვლელობა, რომელსაც იაროსლავ სუმბაევს უკავშირებენ, სინამდვილეში სწორედ იაკუნინის სახელს უკავშირდება.

გამომძიებლის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გარდა, რუსეთის პროკურატურა სუმბაევს ედავება 2015 წელს მომხდარ დანაშაულს. ბრალდების მტკიცებით, სუმბაევმა უკანონოდ შეაღწია რუსეთის რკინიგზის საიტზე, საიდანაც განახორციელა 10 მილიონი რუბლის უკანონო გადარიცხვა და შესაბამისად, ამ თანხის დაუფლება. 

რამდენად არის კავშირში სუმბაევის რუსეთში ექსტრადირებასთან საქართველოში სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების საიტების დაჰაკვა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ასობით ვებ-გვერდზე კიბერშეტევა იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებიდან 4 დღეში მოხდა.