მეშვიდეკლასელი გენიოსი სოფელი გამარჯვებიდან, რომელიც თბილისში მშობლების გარეშე ცხოვრობს

23:11 10-28-2019
3722

კომაროვის სკოლა-პანსიონის მე-7 კლასის მოსწავლემ, შოთა ბერიძემ რობოტი შექმნა, რომელმაც ამერიკაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა. პატარა ბიჭს, სოფელი გამარჯვებიდან 80 მეტოქე ჰყავდა.

მოზარდმა 6 კლასი გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების სკოლაში დახურა. კომაროვის საშაბათო სკოლის პარალელურად, ის რობოტექნიკის წრეზეც სოფლიდან თბილისში დადიოდა.  

შოთა ბერაძის ოჯახი გამარჯვებაში ცხოვრობს. მას მშობლები, უფროსი და და ორი პატარა ძმა ჰყავს. გამომგონებლის  დედიკო ორსულადაა და ბერაძეების მრავალშვილიან ოჯახს მალე მე-5 შვილი შეეძინება.

როგორია ოჯახიდან შორს ცხოვრება, ახალი სკოლა და გამარჯვებაში გატარებული წლები, ამ კითხვებს შოთა ბერიძემ „mshoblebi.ge“-თან საუბარში უპასუხა.


მარტო ცხოვრება შეჩვევაზე იყო, პირველი ორი კვირა გამიჭირდა. როცა სახლში ვარ, მაშინ სახლში მინდა, მაგრამ სკოლაში რომ ვარ უკვე, მერე სახლში აღარ მინდა ხოლმე. როცა პატარა ვიყავი,  ბოთლებისგან და ეგეთი რაღაცებისგან ვაკეთებდი რობოტებს, მერე ელექტროობა ჩავრიე ამ ყველაფერში და რაღაც გამომივიდა. როცა რობოტიკსის კლუბში მივედი, იქ დავიწყე უკვე რობოტების აწყობის სწავლა. რამდენიმე თვეში წავედით ოლიმპიადაზე ჯერ თურქეთში, შემდეგ კი, ამერიკაში. მე რობოტი ლეგოებით ავაწყვე. თავისი მუხლუხოები აქვს, რომლის საშუალებითაც გადაადგილდება და პულტით იმართება, აქვს თავისი ხელი, რომელსაც შეუძლია აიღოს საგანი და გადააადგილოს სხვა ადგილას. ყველაფერს პულტით ვმართავთ.
თავისუფალ დროს ან ვკითხულობ, ან ვთამაშობ, მაგრამ ასეთი დრო იშვიათად მრჩება. მომავალში ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება, თუ მოვახერხებ პროგრამისტობა მინდა, თუ არადა, ბიზნესისკენ წავალ“ - ამბობს პატარა გამოგონებელი.

შოთას დედა ამბობს, რომ მოზარდი ფანდურზე უკრავს და კარგად მღერის. თუმცა, მათემატიკისა და რობოტების აწყობამ ხელოვნებაზე უარი ათქმევინა.

წყარო: mshoblebi.ge