„ეტყობა იფიქრეს, რომ კანადიდან ფული ჩამოვიტანე“ - რას ყვება ქალი, რომლის დაყაჩაღების მცდელობისას სპეცოპერაცია ჩატარდა

21:57 10-21-2019
4530

ავჭალაში მცხოვრები ოჯახი, რომელიც 3 დღის წინ დაყაჩაღებას გადაურჩა, „კურიერთან“ სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს.

როგორც ეკატერინე გელიაიძე ყვება, დამნაშავეები ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, აკვირდებოდნენ მათ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს და  ოჯახის შემოსავლებს იკვლევდნენ.

იმ ღამეს კი, როდესაც გელიაიძეების ბინა, დამნაშავეთა სქემის მიხედვით უნდა გაქურდულიყო, სახლში არასრულწლოვანი მარტო იმყოფებოდა.

ოჯახის თქმით, ბრალდებულებმა ამის შესახებ იცოდნენ.

​„ცოდნიათ, რომ მე ჩამოვედი კანადიდან და ეტყობა იფიქრეს, რომ თანხა ჩამოვიტანე. გადარჩენილები ვართ ღვთის წყალობით“ - ამბობს ეკატერინე გელიაიძე.

სპეცოპერაციაც ღამის საათებში სწორედ ავჭალის ხიდზე ჩატარდა. მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფი გილიაშვილების ოჯახზე თავდასხმას გეგმავდა, პოლიციელებმა გზა გადაკეტეს და ხუთივე პირი დანაშაულის ჩადენამდე აიყვანეს.

კრიმინალური დაჯგუფების ხუთივე წევრს ბრალი კიდევ ერთ ყაჩაღობაში ედება. 28 აგვისტოს ოქროყანაში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულები ნიღბებით მაშინ შეიჭრნენ, როცა სახლში მამა და ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ბავშვები გაკოჭეს, მამას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან თანხა და ოქროულობა წაიღეს.

ცნობისთვის, დაკავებულებს დღეს საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.