უბნის ექიმი პოლიტიკური ნიშნით დათხოვნაზე საუბრობს - ელმირა ბეციაშვილი აუდიოჩანერს ასაჯაროვებს

14:32 10-21-2019
33

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯანდაცვის სამინისტროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის უბნის ექიმის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ, კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. თავად ელმირა ბეციაშვილის ინფორმაციით, ის 2016 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და მისი პოლიტიკური აქტივობა ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო.

„ნახეს, რომ ყველა არჩევნებზე შემიძლია ხმების მობილიზება, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი თავიდან მოშორება. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი კი, პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ამ პარტიაში არ უნდა ვიყო“- განაცხადა ბეციაშვილმა.

სოფელ ვეჯინის უბნის ყოფილმა ექიმმა, საკუთარი და მისი უშუალო ხელმძღვანელის, კახეთის სოციალური სააგენტოს უფროსის, ჯემალ ბაღათრიშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

კახეთის სოციალური სააგენტოს უფროს, ჯემალ ბაღათრიშვილი, ელმირა ბეციაშვილის სამსახურიდამ დათხოვნის სხვა მიზეზს ასახელებს, თუმცა აუდიო ჩანაწერში ასახული საუბრის შინაარსს ადასტურებს.

„სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ ორ მოქალაქეს არ მოემსახურა და უჩივლეს ჯანდაცვის სამინისტროში. პოლიტიკურ საქმიანობას რაც შეეხება, ვთხოვე, რომ ამისთვის სამსახური არ გამოეყენებინა და თავისუფალ დროს ვერავინ ვერაფერს აუკრძალავს. ეს საუბარი ჩვენს შორის, გასულ წელს შედგა. თუ არ ეთანხმება განთავისუფლებას, სასამართლოს მიმართოს. თვითონაც ასე ვურჩიე“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ბაღათრიშვილმა.

ელმირა ბეციაშვილი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი