ვის მიუძღვნა იოსებ ნონეშვილმა ცნობილი ლექსი - „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“

16:49 10-18-2019
2743

იოსებ ნონეშვილის შემოქმედებაში სატრფიალო ლირიკა ყოველთვის ჭარბობდა. ამის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია ლექსი „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, რომელსაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, თუმცა ვინ იყო ამ ლექსის შექმნის შთაგონების წყარო და ვის მიუძღვნა დიდმა პოეტმა ეს ლექსი ბევრისთვის უცნობია.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა პოეტს ლექსი თბილისელი ქალბატონის, რუსუდან მაისურაძის სილამაზემ დააწერინა. ღია ფერის თმებს და ჭრელ თვალებს, იოსები ისე მოუხიბლავს, რომ შუამდგომლობისთვის მისი მამისთვისაც მიუმართავს.

„შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…

დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,

შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა

და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი...

და ვით დიდებას აწ

გარდასულ საუკუნეთა,

სულ ერთი არის, მე შენ

მაინც შეგიყვარებდი“.

ასეთი სიტყვების მიუხედავად, პოეტი მაინც იმედგაცრუებული დარჩა... მათი სიყვარული არ შედგა. მისი ბოჰემური ხასიათი რუსუდანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია. ალბათ, თვლიდა, რომ ასეთი ლექსის მიძღვნის ღირსი არ იყო...

ეს ისტორია რუსუდანის შვილებმა მხოლოდ გადმოცემით, ნათესავებისა და დედის მეგობრებისგან იციან.

მაია კაკაბაძე (რუსუდან მაისურაძის შვილი):

„თვითონ დედას ეს ისტორია არასდროს მოუყოლია. საერთოდ არ უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი და ქებადიდება. სხვაზე უთქვამს, ჩემი თაყვანისმცემელი იყოო, იოსებ ნონეშვილზე არასდროს. ეს ამბავი მე ნათესავებისგან გავიგე და რომ ვკითხე, არ მომწონდაო, - მიპასუხა. იმ ასაკში, ალბათ, უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობას. ძალიან ემოციური, ეგზალტირებული და ბოჰემური ადამიანი იყო, ამიტომ ვუთხარი უარიო. როგორც პიროვნებას და პოეტს ძალიან აფასებდა. ამბობდა, ძალიან კარგი და გამორჩეულია საქართველოს პოეტებს შორისო, თუმცა პარტნიორად და მეუღლედ ვერ წარმოედგინა. ერთმანეთი სავარაუდოდ ოპერაში გაიცნეს, რადგან დედა ხშირად დადიოდა ოპერაში. იოსებ ნონეშვილი ბაბუაჩემსაც ემეგობრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში მათ შორის დიდი სხვაობა იყო. წლები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ მასთანაც მისულა პოეტი და უთხოვია, თუ შეიძლება თქვენს შვილთან შუამდგომლობა გამიწიეთო. ბაბუაჩემი საკმაოდ არატიპიური ქართველი კაცი იყო, რომელიც თვლიდა, რომ შვილების ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიო. ამიტომ უთხრა, წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ შენ უთხარი და შენი პრობლემები თვითონ მოაგვარეო. ერთხელ ჩვენმა ნათესავმა უთხრა დედას, გახსოვს, შენ რომ მოგიძღვნა იოსებ ნონეშვილმა ლექსიო? კი შეიძლებაო, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ასეთი ლექსის ღირსი ვიყავიო და მეტი აღარაფერი უთქვამს. სულ ეს არის, რაც ამ თემის გარშემო ვიცი“.

იოსებ ნონეშვილის მიერ „საქართველოს დედოფლად“ წოდებული ქალი, არაორდინარული და საბჭოთა რეალობიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი პიროვნება იყო. არ უყვარდა გარე სამყაროსთან კონტაქტი, გულუბრყვილო და მოწესრიგებული ქალი იყო. პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი, 50 წლის განმავლობაში სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა. როგორც ლექტორი მკაცრი იყო, მაგრამ ოჯახში რადიკალურად განსხვავებული. ოჯახი 35 წლის ასაკში შექმნა. ამირან კაკაბაძე მისთვის იდეალური მეუღლე აღმოჩნდა, თუმცა ბედნიერებამ ცოტა ხანს გასტანა. 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ქმარი 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაეცვალა. ორი შვილის – მაიას და ლიკას აღზრდა მარტოს მოუწია. უყვარდა პოეზია და კითხვა. სხვადასხვა ლიტერატურას რუსულიდან ქართულად თარგმნიდა, მაგრამ არასდროს გამოუქვეყნებია. ნონეშვილის სატრფიალო სილამაზე ბოლომდე შეინარჩუნა. რუსუდან მაისურაძე 2004 წელს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა...

წყარო: „პრაიმტაიმი“ (არქივი)